Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„37-იდან 36 ელჩი დავნიშნე” - ზურაბიშვილმა დაასახელა დიპლომატი, რომლის დანიშვნას ხელს არ აწერს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განმარტა ელჩების დანიშვნის პროცედურა. ის უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას დღემდე ხელს არ აწერს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მისი ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.

„37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე, მგონი მაქსიმუმი დრო რაც გავიდა, იყო ერთი კვირა თუ ათი დღე. 37-ე - დავით ბაქრაძე [საქართველოს ელჩი აშშ-ში 2016-2022 წლებში], რომლის წარდგენა მივიღე 2022 წლის 15 ივლისს. მათი საკონსტიტუციო სარჩელი თუ როგორც ეძახიან, დიდი ხნის წინ არის გადაცემული. იმ დროისთვის არცერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც მოვიდა ჩემთან წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, ასევე, ელჩების გამოწვევა. ბაქრაძეზე არ იყო მოსული და ახლა მოვიდა. რატომ არ იყო მოსული? რასაც არ ამბობენ. არსებობდა ყველა პრემიერის დროს და წინა პრეზიდენტების დროსაც იგივე იყო, ორი ნაწილი ელჩების დანიშვნის პროცესში. ერთი ნაწილი არის კონსულტაციები, სადაც საგარეო მწერს (კონფიდენციალური ნაწილი), რომ ვაპირებთ... ანდა შეხვედრა დგება. მერე ოქმი [იწერება] ამ შეხვედრის, რაზე შევთანხმდით, რა არგუმენტები იყო და მერე მხოლოდ როცა უკვე რაღაც შეთანხმება [შედგება], არის ოფიციაალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი, - თქვა ზურაბიშვილმა და დიპლომატ დავით ბაქრაძის შემთხვევა გაიხსენა, - გაიჭედა ბაქრაძეზე. რატომ გაიჭედა ბაქრაძეზე? გეტყვით პირდაპირ: იმიტომ, რომ ჩემი აზრით და ალბათ თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანი, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული; არა იქით, არა აქეთ. ვერ შევძელი, რომ მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის - ქალი ვიცე-პრეზიდენტი. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოს ეგიდით და ვერაფრით ვერ მოხერხდა. ელჩი, რომელსაც ყველა კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით (და მე ეს არგუმენტები წარვუდგინე), არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც არის ჩვენთვის მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი ანუ ჩვენთვის მთავარი - ვაშინგტონი, ნიუ-იორკი და ბრიუსელი. თუმცა კიდევ სხვაგან, მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო, ეს არ მიიღეს".

საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციოს მიმართა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთ ელჩთან დაკავშირებულ შემთხვევაზე შეაჩერა ყურადღება. მან ილაპარაკა თეა კაკუტიაზე, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ზეწოლის გამო დატოვა.

„შვიდი თვე არ იყო ელჩი დანიშნული პარიზში, იმიტომ, რომ ვერ ნახეს ფრანგულენოვანი ელჩი, - ზურაბიშვილმა გაიხსენა, რა უძღოდა წინ თეა კატუკიას დანიშვნას, - მე, როცა გავხდი პრეზიდენტი, ვთქვი, რომ გავარკვევ ჩემს ნაცნობებში, ვინ შეიძლება, იყოს და იყო ეს ქალი, რომელსაც ჰქონდა 20 წელი გამოცდილება ფრანგ სენატორებთან, კარგი ბიოგრაფია, მაგრამ ჩემი დისკრეციით არ იქნა არჩეული. მე ვეძებდი ქალებსა და პროფესიონალებს. ყველამ იცოდა, რომ ჩემი კრიტერიუმი ეს იყო. ჩამოიყვანეს აქ, საგარეოში ჰქონდა გასაუბრება [ასევე] ბახტაძესთან, ის იყო მაშინ პრემიერი, ჰქონდა გასაუბრება, კმაყოფილი იყო ამით და ამის შემდეგ დაინიშნა. გამოაგზავნეს გამოწვევა ელჩის, მოვაწერე ხელი, როგორც ყველა სხვა გამოწვევააზე".

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ახლა რჩება ერთი, ბაქრაძის პრობლემა. „ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილი არის და , ვნახოთ, როგორი მოქმედება მექნება ან უმოქმედობა", - დაამატა პრეზიდენტმა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ "ფეისბუკზე" დაწერა, რომ 1 ივლისიდან თანამდებობას ტოვებს. მიზეზად მან ზეწოლა დაასახელა.

"გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა", - აღნიშნავდა საქართველოს ყოფილი ელჩი.

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად, თეა კატუკია 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ელჩის თანამდებობაზე კატუკია მუშაობით უკმაყოფილო იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG