Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმებებს


უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში ხელი მოაწერეს ორ ცალკეულ შეთანხმებას შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ.

ერთ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორეს-რუსეთმა, თურქეთმა და გაერომ. ამ დოკუმენტების მოქმედების ვადა, გავრცელებული ცნპბებით, 120 დღეა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს. "ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს."

რუსეთის სააგენტო TASS - ის ცნობით, შეთანხმება შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ არ ითვალისწინებს სატვირთო გემების სამხედრო ესკორტს, მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ შეუტიონ მათ. გარდა ამისა, დაგეგმილია უსაფრთხო დერეფნების შექმნა ოდესიდან, ასევე ჩერნომორსკიდან და იუჟნიდან.

უკრაინის დელეგაციას ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი ხელმძღვანელობს, რუსეთის დელეგაციას - თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

უკრაინამ და რუსეთმა, გაეროს და თურქეთის შუამავლობით 13 ივლისს, სტამბოლში დაიწყეს მოლაპარაკება გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. სხვადასხვა მონაცემით, უკრაინის შავი ზღვის პორტებში გაჩერებულია 20-25 მილიონი ტონა ხორბალი. ამჟამად მარცვლეულის მცირე ნაწილი გააქვთ ხმელეთით და მდინარე დუნაის პორტებიდან. უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრად შემცირება განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

XS
SM
MD
LG