Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ ვიცი, საით მიდის "ოცნება" - ირღვევა თუ არა კონსტიტუციის 78-ე მუხლი?


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ "ოცნება" არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც "ყველა ზომის" მიღებას და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალდებულებს ხელისუფლებას. სალომე ზურაბიშვილის შთაბეჭდილებით, "ყველაფერი კეთდება" იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპის გზაზე წინ არ წავიდეს.

დაახლოებით იგივე ითქვა ვაშინგტონიდანაც. 20 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში საჯაროდ პირველად ილაპარაკეს ეჭვზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან საქართველოს გადახვევას ისახავს მიზნად.

ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე ლაპარაკი საქართველოში ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო სახალხო დამცველმა და ამაზევე მიუთითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მას შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებისა და, მათ შორის - ელჩების მიმართ ხელისუფლების რიტორიკა კიდევ უფრო გამძაფრდა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერ ხვდება, საით მიდის „ოცნება“ და ახსენებს რუსეთს.

  • როგორ, რა შემთხვევაში და ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევისთვის?
  • რა პროცედურებია გასავლელი და როგორ უნდა დამტკიცდეს, რომ კონსტიტუცია ნამდვილად ირღვევა?

საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ ჰყვება, რომ საგარეო ვიზიტებზე „ოცნების“ უარის მიუხედავად, ის მაინც ცდილობდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის ვალდებულებების შესრულებას. ბრიუსელში საკუთარი კავშირების გამოყენებით, არაოფიციალურადაც მოუწია ჩასვლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხის“ ეთერში, 21 ივლისს, სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ იმავე 78-ე მუხლს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობა არღვევს:

„ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლით არღვევს სწორედ უმრავლესობა... [78-ე მუხლის მიხედვით საჭიროა] ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია... ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა...“

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

რატომ უნდა უნდოდეს „ოცნების“ უმრავლესობას, რომ არ მოხდეს ეს? - ჟურნალისტის მიერ დასმული ამ შეკითხვის საპასუხოდ პრეზიდენტი ამბობს, რომ პასუხი არ იცის და ეს შეკითხვა, მის გარდა, „ოცნების“ ამომრჩევლების 80%-საც აწუხებს.

„ეს ხალხი უყურებს "ოცნებას" დღეს და არ ესმის, საითკენ მიდის "ოცნება"... მე არ ვიცი“, - ამბობს პრეზიდენტი, რომელიც ამავე ინტერვიუში მინიშნებას რუსეთისკენ გადახრაზეც აკეთებს და ხელისუფლების ქმედებებსა თუ უმოქმედობას ბევრი მიმართულებით აკრიტიკებს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებიდან:
  • „არის წარმოუდგენელი რიტორიკა... გაუთავებლად გვესმის ხან თავდასხმები ევროპარლამენტარებზე... ყველა კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე - დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ის ვნებათაღელვა [სანაპირო ზოლის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის გამო] - საქართველოს არ ეხება?!“;
  • „რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს - ვაიმე, რამე არ თქვას და ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ“;
  • „მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში [ხელისუფლების წარმომადგენლები], ვის ხვდებიან - მე არ მინახავს აქტიური სამუშაო, არც ევროპარლამენტთან, მმართველი გუნდის მიერ. არც ცალ-ცალკე დედაქალაქებში არ მსმენია... თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს მაღალ დონეზე, მე ვარ; თუ ვინმე იყო ჩასული ამერიკაში და შეხვდა მაღალ დონეზე - მაქსიმალურად რაც შესაძლებელი გახდა - მე ვარ და არსად არ გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში... ეს არის სრული მოგონილი და, სხვათა შორის, ასევე ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“;
  • „არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ, მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით, მე ვიტყოდი, ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს... არ გამიგია არსად. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება და ასეთი წესები არ მინახავს... არ მინახავს, რომ პრემიერი სწერდეს ევროკომისიის თავმჯდომარეს [პრეზიდენტს] იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს“;
  • „აგერ იყო ურზულა ფონ დერ ლაიენი [ევროკომისიის პრეზიდენტი] ბაქოში ... კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრენილიყო ნახევარი საათით [საქართველოში] - გვაქვს სასაუბრო“...
  • „რატომ არავინ ჩავიდა [ევროკომისიასთან] - რომ რეალურად გაგვერკვია, ეს პუნქტები [12 პუნქტი] რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენს მიერ შესასრულებელი და თუ არის რაღაც ლუფტი, ლავირების საშუალებები.... ამას ჰქვია მუშაობა“.

ხელისუფლების განცხადებებში კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის ნიშნებზე ლაპარაკობდა რადიო თავისუფლებასთან კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ძალიან ვარ გაღიზიანებული სიტუაციით, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციის 78- მუხლთან მიმართებით, რომელიც გვავალდებულებს ჩვენ, რომ წავიდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ... მაგრამ შერჩეული კურსი, ტონი და ურთიერთობის შინაარსი დასავლელ პარტნიორებთან, რაც მათ ["ქართული ოცნების" ლიდერებს] აქვთ არჩეული, ძალიან დიდ ეჭვებს ჰბადებს... ისე ჩანს, რომ გადაიხარა მათი მოქმედებების ვექტორი რუსეთისკენ... არ მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ყოველი ახალი გამოსვლით [განცხადებით] თითქოს უნდათ, რომ დამაჯერონ, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის ეჭვებზეა ლაპარაკი სახელმწიფო დეპარტამენტში, 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში.

ბრიფინგზე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით გახსნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა თქვა:
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას“;
თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას.

საქართველოს პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 22 ივლისს, ისევ ერთიანი ძალებით შეუტიეს.

გაკეთდა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი თავად გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, როცა მაგალითად ელჩის დანიშვნაზე ამბობს უარს და კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, მას ადვოკატის სასწრაფოდ აყვანაც ურჩია.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტი ცდილობს, „კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და თავისი უფლებამოსილებები და აქედან გამომდინარე, თავის თავს უფლებას აძლევს, იმის ნაცვლად, რომ ნეიტრალური იყოს, მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდეს“.

21 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს მიწოდებული ინფორმაციის გაანალიზების უნარი დაუწუნა.

„არაერთხელ ვცადეთ, მისთვის რაღაცეები აგვეხსნა... მას ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიარეთ დეტალებთან დაკავშირებით შარშანაც და წელსაც, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან. გარეთ ასე საჯაროდ რაღაცეებს, სამწუხაროდ, ვერ გამოიტან, მაგრამ მას ბევრად მეტი ვუთხარით; მაგრამ გაუჭირდა რაღაცეების შეფასება და გაანალიზება...
მაგრამ ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციები არა აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები თავისთავად საზიანოა ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის... კიდევ ერთხელ მზად ვართ ყველაფერი ავუხსნათ, განვუმარტოთ, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რაღაცეებს გააანალიზებს, შეძლებს გაანალიზებას, არა გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორ დგინდება 78-ე მუხლის დარღვევა და ვის შეუძლია პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

კონსტიტუციონალისტები რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად, დარღვევის დადგენის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი ვერ მიმართავს და ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა შეიტანს სარჩელს მეორის წინააღმდეგ.

78-ე მუხლის დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლებელია გახდეს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში დადგება, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი.

  • იმპიჩმენტის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, ანუ 50 დეპუტატს;
  • პრემიერის იმპიჩმენტს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ კენჭისყრამდე, ჯერ 78-ე მუხლის დარღვევა სამართლებრივად უნდა დამტკიცდეს;
  • საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე, პარლამენტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - განიხილოს დეპუტატების ჯგუფის მიერ წამოყენებული საკითხი და შეაფასოს, სინამდვილეში რამდენად დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი.

„ეს იქნება ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს მყარი მტკიცებულებები, რომ, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრმა, ანდა მთავრობის რომელიმე მინისტრმა გააკეთა ისეთი რაღაცა, რაც არღვევს 78-ე მუხლს. მტკიცებულებების წარდგენა ევალებათ დეპუტატებს, რომლებიც პრემიერ-მონისტრის იმპიჩმენტს მოითხოვენ. ეს ყველაფერი იმპიჩმენტის პროცედურის ნაწილია. თუკი სასამართლო იტყვის, რომ არ დაირღვა კონსტიტუცია - იმპიჩმენტის პროცედურა შეწყდება. ხოლო თუ დარღვევას დაადგენს, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს“, - ეუბნება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას.

შესაძლებელია ასევე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევა დაადგინოს, მაგრამ პარლამენტმა მაინც არ ჩათვალოს საჭიროდ პრემიერ-მინისტრის გადაყენება. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“, უმრავლესობითა და სხვა მხარდამჭერებით, თავისუფლად შეუძლია.

რა შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებებად?

დარღვევის დასადგენად აუცილებელია მტკიცებულებების ერთობლიობა და მათ შორის - შესაძლებელია სათვალავში იქნეს მიღებული ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებიც.

„[ხელისუფლების] განცხადებები, მოქმედებები თუ უმოქმედობა რეალურ სამართლებრივ მნიშვნელობას იძენს სასამართლოში, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას და გადაწყვეტილების მიღების დროს... იმ ეტაპამდე, პოლიტიკურ დებატებში გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურ მტკიცებულებებს წარმოადგენს და დასაბუთებულობის სტანდარტი აქვს“, - ეუბნება კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას.

78-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული მზარდი დისკუსია ჯერ ისევ მხოლოდ საჯარო განცხადებებისა და ვარაუდების თემად რჩება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიცია ამ საკითხის განხილვას არ გეგმავს და რომც აპირებდეს, შესაძლოა, საკითხის ინიცირებისთვის საჭირო ხმების შეგროვებაც გაუჭირდეს.

ამ ეტაპზე საპარლამენტო ცხოვრების მთავარ თემას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული დავა წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული კომისიების ფორმატში საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ ნაწილია ჩართული.

ჯგუფების მუშაობაში ამ დროისთვის არ მონაწილეობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. საერთაშორისო პარტნიორები საპარლამენტო პოლიტიკურ სპექტრს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებენ.

2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG