Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეტევა მედიაზე დეპოლარიზაციის ნაცვლად - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 ივლისს


"დეპავლიკიზაცია" დეპოლარიზაციის ნაცვლად - რას ნიშნავს ეს?

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის შემდეგ, „ოცნების“ თავმჯდომარეს პარტიამ მხარი დაუჭირა. მათ კი, ვინც მისი საქციელი დაგმო, პრეზიდენტის ჩათვლით, ირაკლი კობახიძე, 2024 წლამდე „დეპავლიკიზაციას“ დაჰპირდა.

ფეისბუკზე 26 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა კიდევ ორი მედიასაშუალების წარმომადგენლებს მიაყენა და მათ „ცნობილი ვაჭრები“, „პატარა კაცები და პატარა ქალები“ უწოდა.

„საქართველოს ეთიკის ქარტია“ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის პრობლემური მედიაგარემო მნიშვნელოვანწილად სწორედ ხელისუფალთა მსგავსი რიტორიკით არის განპირობებული.

„ეთიკის ქარტიაში“, რომლის მისიაც „პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაა“, რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ „ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ჟურნალისტის შეკითხვის ფორმულირებაში და განსაზღვრაში, რადგან ეს ჩვენ ცენზურამდე მიგვიყვანს“.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს

ამჟამად პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისის ცენტრიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს.

გოგაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის ამსახველი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაშლილია. საჯარო წერილის მთავარი ადრესატი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია.

„ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათა შორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.

  1. როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო;
  2. ბიძინას დავალება - მუხთარლის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა", - წერს სოსო გოგაშვილი“.

წაიკითხე მეტი.

ოკუპირებულ ნაბაკევში გაჩხრიკეს "ჯაშუშობისთვის" დაკავებული ახალგაზრდა ქალის სახლი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გაჩხრიკეს „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალის სახლი. ამის შესახებ ანონიმურობის დაცვის პირობით, რადიო თავისუფლებას უამბო ნაბაკევის მკვიდრმა, რომელიც დაკავებულის მეზობლად ცხოვრობს.

წყაროს ინფორმაციით, დაკავებული გოგო ამჟამად სოხუმში, ე.წ. უშიშროების სამსახურის იზოლატორშია. მისივე ცნობით, ახალგაზრდა ქალი ნაბაკევში, მამასთან ერთად ცხოვრობს და გალიდან ზუგდიდში ხშირად ჩადიოდა.

ნაბაკეველი წყაროს თანახმად, აფხაზმა სამართალდამცავებმა გოგო მაშინ დააკავეს, როცა საოკუპაციო ხაზის გავლით, ზუგდიდში გამგზავრებას ცდილობდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა 25 ივლისს განაცხადა, რომ „ჯაშუშობისთვის“ დაკავებულია 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, რომელიც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა, არ აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“, საქართველოს მოქალაქეა და ზუგდიდში ცხოვრობს. ე.წ. უშიშროების სამსახურის თანახმად, თაკალანძე „ეწეოდა დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაციას, რაც მიმართული იყო აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მიღების, შეგროვების და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემისკენ“.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის „ელჩი“ ბიჭვინთაზე შეთანხმებას „რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის სულისკვეთების“ შესაფერისს უწოდებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ მიხაილ შურგალინმა, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საკითხმა „რესპუბლიკაში საკმაოდ ფართო დისკუსია გამოიწვია“ და სურს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიასა და „პრემიერ-მინისტრის“ ალექსანდრ ანქვაბის განცხადებებს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ისინი დოკუმენტის სასწრაფოდ რატიფიცირებას ემხრობიან.

პროცესს ისევ დუმილით პასუხობს საქართველოს მთავრობა. ბიჭვინთის აგარაკების თაობაზე ამ დრომდე კომენტარებს მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის ცალკეული დეპუტატები აკეთებენ.

პრეზიდენტმა გუშინ ტვიტერით მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მკვეთრი განცხადებები გააკეთონ ამის თაობაზე.

„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

წაიკითხე მეტი.

ბრიტანეთის დაზვერვა აქარწყლებს რუსეთის განცხადებას, რომ ოდესაზე შეტევის სამიზნე იყო უკრაინის საბრძოლო ხომალდი

ბრიტანეთის მიერ 26 ივლისს გაკეთებული განცხადებით, "არაფერი მიანიშნებს" იმაზე, რომ უკრაინის საბრძოლო ხომალდი და რაკეტები შაბათ-კვირას ოდესის შავი ზღვის პორტში იყო განთავსებული - რაც წინააღმდეგობაში მოდის კრემლის განცხადებასთან, რომ 23 ივლისს, სარაკეტო თავდასხმისას მისი სამიზნე იყო უკრაინის საბრძოლო ხომალდი და საომარი ინფრასტრუქტურა.

სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ერთ დღეში მას მერე, რაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთს, უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე - რამაც გაზარდა იმედი, რომ შესაძლოა მოხერხდეს საკვების გლობალური კრიზისის თავიდან არიდება, მას მერე, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა საკვების ფასების ზრდა გამოიწვია.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები „გაზის საგანგებო გეგმაზე“ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვენების მინისტრები, რომლებიც ენერგეტიკის სფეროსთვის არიან პასუხისმგებელი, შეთანხმდნენ მომავალი ზამთრისთვის „გაზის საგანგებო გეგმის გარშემო“.

გეგმის თანახმად, უნდა შემცირდეს რისკი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი საერთოდ გადაკეტავს გაზს. თუმცა არსებობს არაერთი გამონაკლისი.

ჩეხეთმა, რომელიც ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ტვიტერით განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა მისია, რომელიც შეუძლებელი იყო.

ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი იოზეფ სიკელა, შეხვედრის შედეგს მიესალმა, როგორც ევროპული სოლიდარობის მოდელს. „ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია“, დაწერა მან ტვიტერით.

წაიკითხე მეტი.

ეროვნული გმირი ვართან მამიკონიანი - რა ვიცით შუშანიკის მამაზე?

ვართან მამიკონიანი, მხედართმთავარი და ავარაირის ბრძოლის წინამძღოლი, სომხებმა ეროვნულ გმირად აღიარეს, სომხეთის ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა. ალბათ საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ის ქართველი წამებული წმინდანის, შუშანიკის მამა იყო.

მე-5 საუკუნე, სომხეთი და საქართველო უკვე წლებია ცდილობენ შეინარჩუნონ ქრისტიანობა, რომელიც წინა საუკუნეში მიიღეს. მათ საზღვართან სპარსეთის უზარმაზარი იმპერიაა, რომელიც ამ ორივე ქვეყანას და კიდევ ალბანეთს თავის ქვეშევრდომებად განიხილავს. სპარსეთში ამ დროს ზოროასტრიზმი, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობაა გავრცელებული.

ვართანი სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს - მამიკონიანების - წარმომადგენელი იყო, მათი შტოდან ტრადიციულად მხედართმთავრები გამოდიოდნენ, მხედართმთავარი იყო ვართანის მამაც, ხოლო ბაბუა - დედის მხრიდან - კათალიკოსი. ისტორიკოსები ვართანს ახასიათებენ, როგორც უაღრესად წიგნიერ და განათლებულ ადამიანს.

წაიკითხე მეტი შუშანიკის მამის ისტორიული როლის შესახებ თეა თოფურიას სტატიაში.

ალექსანდრ კრუტიენკო და ეკატერინა კოსტირია ხერსონიდან წამოსვლის და საქართველოში სამსახურის მოძებნის სირთულეებზე ჰყვებიან

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG