Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წერილი - პოლიტიკოსების შეფასებები


ფოტოკოლაჟი: ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკოსები
ფოტოკოლაჟი: ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკოსები

მმართველი პარტიის დამფუძნებლის წერილს, რომლის მთავარი აქცენტები ქვეყნის "ომში ჩათრევის მცდელობები", მმართველი გუნდის მიერ "საფრთხის თავიდან აცილება", მისი "პირადი პრობლემა, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა" და "საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირ კავშირშია" და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება იყო, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ წერილით დადასტურდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ისაა და სწორედ მის პოზიცებს ემთხვეოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებები.

ხატია დეკანოიძე - "ნაციონალური მოძრაობა"

ივანიშვილის წერილი არაფორმალური მმართველობის დადასტურებად შეაფასა პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ:

"მის ტვინში გააზრებული იყო "ომის რიტორიკა" მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა თავისი ფინანსები და ძალაუფლება. მას სხვა ინტერესები არ გააჩნია... ის არის კუთხეში, არ იცის როგორი სტრატეგია აირჩიოს... იგი არის არაფორმალური მმართველი, რომლის გარეშეც სიტყვის წარმოთქმას ვერ ბედავს "ქართული ოცნების" ვერცერთი წარმომადგენელი".

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"

ხელისუფლებაში მასთან შეთანხმებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი:

"ეს წერილი დასტურია, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა და ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს ყველაფერს. ეს წერილი დასტურია, რომ ის ტრიო [ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი] მისი მეორე პროექტია, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება. ეს წერილი დასტურია, რომ დასავლეთზე - ევროპაზე, აშშ-ზე, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებზე შეტევის მთავარი ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. და ეს დასტურია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ მის გამო".

ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია"

ვაშაძის თანაფრაქციელი, ხათუნა სამნიძე, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარეა, ფიქრობს, რომ ივანიშვილი ცდილობს საკუთარი ფინანსები დაიცვას:

"ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა ომის რიტორიკა და დღეს ეს დადასტურდა. ეს არის მისი დაკვეთით "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომელიც ომის დაწყების დღიდან ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს, შეაშინოს და გააღვივოს შიში, რომ თურმე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ვისგანაც პირიქით უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი, თურმე მოდის ომის რიტორიკა. ამ წერილის მთავარი გზავნილი არის ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვა. ის ამ წერილით ევაჭრება და ესაუბრება ულტიმატუმებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ის მზად არის სასწორზე დადოს ქვეყნის ინტერესები, როცა დასაცავია მისი ფინანსები".

დავით უსუფაშვილი - "ლელო"

ყოფილი თანაგუნდელი და ახლა უკვე ოპოზიციონერი დავით უსუფაშვილი პარტია "ლელოდან" ბიძინა ივანიშვილს ურჩევს გზას, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნისთვისაც და მისთვისაც მნიშვნელოვანია:

"შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის საქართველოს საომარი შესაძლებლობები და თუ რამეს ცდილობდნენ ისინი, მარტშიც და თებერვალშიც, იყო საქართველოსთვის ომის თავიდან აცილება... ივანიშვილი მარცხენა ხელით უშვებს ტროიკას იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა და მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრობა განიზრახა. მე ვურჩევ, მარჯვენა ხელი გააძლიეროს, გაუწოდოს შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც, როგორც აქამდე იყო ათწლეულების განმავლობაში. მაშინ თვითონაც გადარჩება და საქართველოც".

გიგა ბოკერია - "ევროპული საქართველო"

პარლამენტს მიღმა მყოფი ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ამ წერილისა და მანამდე განვითარებული მოვლენების მიზანია, მოსახლეობა "ომში ჩათრევის" სურვილში დაარწმუნონ, ივანიშვილი კი ქვეყნის მხსნელად წარმოჩინდეს:

"ჩვენ ყველანი ვართ აბსურდის თეატრში - სერიოზულად ვმსჯელობთ, ხომ არ მოსთხოვა აშშ-ის ელჩმა ომის დაწყება ივანიშვილს. და ამ "გმირმა კაცმა" ქვეყნის "გადასარჩენად" გაუწია წინააღმდეგობა და "ისჯება"... ბევრ პოლიტიკურ ყურმოჭრილ მონას შორის სამი აარჩია [ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი] და ამ სამს დაასმევინა კითხვა - საიდან უნდა სცოდნოდათ [ელჩთან შეხვედრაზე], ბიძინამ უთხრა, ხომ? და ჩვენ სერიოზულად ვიხილავთ მის დადგმულ [მოვლენებს].

მისი მიზანია ამ ნიაღვარში საზოგადოების ჩახრჩობა და დაბნევა..."

ალუდა ღუდუშაური - "ქართული ოცნება"

ივანიშვილის წერილის გაცნობის შემდეგ ისევ აშშ-ის ელჩის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. ერთ-ერთმა პირველმა ამ საკითხზე მედიასთან პარლამენტის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა:

"სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ევროკავშირთან შეუქცევადი პროცესია და ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, მიმაჩნია საჭიროდ, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს...

რამდენიმე დღის უკან ქალბატონმა ელჩმა უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ დიდი ხანია არ შეხვედრია ბატონ ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ განცხადებაში თემა არ უნდა გაშლილიყო, რადგან ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული, ცხადია..."

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლაზე ოფიციალურად განაცხადა, ეს მისი სახელით გავრცელებული მეორე წერილია. პირველი გიორგი გახარიას შეეხებოდა.

ივანიშვილის მხრიდან განმარტებების გაკეთებაზე ისაუბრა მისი ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანიის - MKD-ს ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა რამდენიმე კვირის წინ, როცა ამბობდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ "ფაქტობრივი სანქციების პირობებში" მუშაობდნენ.

XS
SM
MD
LG