Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯაჭვი შეკრულია" - ყაველაშვილი ივანიშვილის წერილის შინაარსს ეხმიანება


მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც პირველმა ისაუბრა მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის შესაძლო შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის წერილით "ლოგიკური ჯაჭვის შეკვრაზე" საუბრობს. ის, რაზეც ყაველაშვილი კითხვას რამდენიმე დღის წინ სვამდა, ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებული წერილით ადასტურებს.

"როცა მე კელი დეგნანს ეს შეკითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი, ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი, სიმართლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები - საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა, რა მოგივიდათ, მერამდენედ მიწევს ამის გამეორება, რაღაცა სხვა რამეზე კიარ ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინოთ, ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია", - თქვა მან.

დეპუტატმა ისევ გააჟღერა ელჩის მიმართ ირიბი ბრალდებები:

"ადამიანები, რომელთაც ის მხარდაჭერას უცხადებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ... ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავთ იცი? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, ამ გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება".

დღეს, 27 ივლისს გავრცელებული წერით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის საკითხი "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასულმა, მიხეილ ყაველაშვილმა წამოჭრა 19 ივლისს.

"ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.

იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება, ვალდებულია [უპასუხოს]..." - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა მაშინ.

ამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "ძალიან დიდი ხნის წინ" ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა, აშშ-ის ელჩის მიმართ ბრალდებების გაჟღერება დაიწყო. მათ შორის ელჩი მოხსენიებული იყო საქართველოში ომის დაწყების კონტექსტშიც.

მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ დეგნანმა 8 ივლისს ისაუბრა.

„ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.

XS
SM
MD
LG