Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი ყაველაშვილის წერილზე: რაღაცნაირად ეხმაურება „ქართული ოცნების" წევრების ნარატივს 


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური („ეფ-ეს-ბე") სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.

„ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ნამდვილად არ ჩანდა იქ, რომ ეს რას ემსახურება. ავტორი ალბათ ვერ ხედავს, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს. მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც არიან კონსტიტუციის თანახმად შექმნილი და მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი. ძალიან საშიშია, როდესაც ხდება კონსტიტუციური ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა და შესუსტება. არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო იმ საკითხზე, რაზეც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი, რომ თითქოს აშშ ან ვინმეს ომისკენ მიჰყავს საქართველო. აშშ-ს არ უნდა ომი და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და დამთავრდეს. მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობისა და ძალისხმევის გაწევის სურვილი, - განაცხადა კელი დეგნანმა და განაგრძო, - მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა NATO-ს სამიტზე, მადრიდში კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რაც არის მიმართული იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომი. ეს [ყაველაშვილის წერილი] მართლაც უცნაურია და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, პარლამენტარის ნარატივი რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც, ომში ჩართვასთან დაკავშირებით. რაზედაც უკვე ბევრჯერ ითქვა და დაფიქსირდა პოზიცია [საელჩოს მხრიდან], რომ არის სიცრუე და არ შეეფერება სიმართლეს. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი?"

„ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებს თუ არა? დიპლომატმა თქვა: „ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი ამის შესახებ, თუმცა მისი განცხადებები გარკვეულწილად ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს და რამდენად გამიჯნულია, ამაზე ვერ გეტყვით".

აშშ-ის ელჩმა დაამატა: „მე გეტყვით, იმას, რა უნდა და ვიცი, რა უნდა ქართველ ხალხ - მათ უნდათ ევროკავშირის წევრობა, ევროპული ინტეგრაცია, რაც გულისხმობს დემოკრატიულ მომავალს. საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, დიდ პროგრესს მიაღწია თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და ახლა გასაგრძელებელია ის. ენერგია უნდა მიიმართოს იმაზე, რომ ევროკომისიამ რა რეკომენდაციებიც გასცა, ეს რეკომენდაციები შესრულდეს შინაარსიანად და ინკლუზიურად არამხოლოდ ერთი პარტიის მიერ. იმიტომ, რომ აღარ არის დასაკარგი დრო. ეს ნაბიჯები, გეგმა არის უკვე შედგენილი. მის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს „ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. სამოქალაქო საზოგადოების 22 ორგანიზაცია შეიკრიბა და შეადგინა სამოქმედო გეგმა და არის ზუსტად განსაზღვრული რა უნდა გაკეთდეს" [აშშ-ის საელჩოს თარგმანი].

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს საყვედურის შინაარსით წერილს სწერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი კვლავ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შემუშავებული ნარატივია. მისი თქმით, ამ ნარატივის გასავრცელებელი გეგმის ნაწილი იყო "ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის: დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის გამოყოფა.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG