Accessibility links

site logo site logo

დამიბარეს, მაგინეს - ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელს ადანაშაულებს


თომა ლიპარტიანი, ანგლიკანური ეკლესიის პასტორალური ლიდერი

საქართველოს ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი, თომა ლიპარტიანი ამბობს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სააგენტოში ბრალდებას უარყოფენ.

თომა ლიპარტიანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 27 ივლისს მის ტელეფონზე დარეკა კაცმა, რომელიც ავთანდილ კვერნაძის სახელით გაეცნო. რელიგიის სააგენტოში ავთანდილ კვერნაძეს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა აქვს. მან ანგლიკანური ეკლესიის ლიდერს უთხრა, რომ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე „გაცნობითი ხასიათის“ შეხვედრაზე იბარებდა.

„რას ჰქვია, მიბარებს, პროკურორია?! არც მეკითხება, მცალია თუ არა?!“, - ამბობს ლიპარტიანი თავისუფლებასთან. კვერნაძესთან საუბრისას მას ეს სიტყვები არ უთქვამს და შეხვედრაზე დასთანხმდა.

თუმცა, კვერნაძეს შესთავაზა, შეხვედრას მასთან ერთად ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელიც დასწრებოდა. მისი აზრით, წინა დღეს ბელგიიდან საქართველოში ჩამოსული სასულიერო პირი სააგენტოს ხელმძღვანელს უკეთ გააცნობდა ანგლიკანურ ეკლესიას. მაგრამ უარი მიიღო.

„ბატონმა ზაზამ თქვა, მღვდელი სახლში დატოვოს, თვითონ მოვიდეს ოფისშიო“, - იხსენებს ლიპარტიანი კვერნაძის პასუხს.

ანგლიკანური ეკლესია საქართველოში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ეკლესიას დღემდე არ აქვს იურიდიული სტატუსი. ანგლიკანიზმი ქრისტიანობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმდინარეობაა, თუმცა ამ ორგანიზაციას საქართველოში იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ლიპარტიანი ამბობს, რომ მას სააგენტოში გაცნობის მიზნით არ „იბარებდნენ“. იგი სხვა ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებს.

პირველი, ანგლიკანურ ეკლესიას საჯაროდ აქვს გაცხადებული უარი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობაზე, რადგან მას არაკომპეტენტურ ორგანოდ მიიჩნევს.

და მეორე, საქართველოში პირველად, ანგლიკანურმა ეკლესიამ ორი თვის წინ ჩაატარა ერთნაირსქესიანი წყვილის საჯარო ჯვრისწერის ცერემონია.

საბოლოოდ, თომა ლიპარტიანი სააგენტოს წარმომადგენელს მხოლოდ სასულიერო პირთან ერთად მისვლას დასთანხმდა, ავთანდილ კვერნაძე კი მის გადარწმუნებას ცდილობდა.

ლიპარტიანი იხსენებს, რომ კვერნაძე საუბარს ხშირად აწყვეტინებდა, რაზეც მიუთითა, რომ „ასეთ საქციელს უზრდელობა ჰქვია“.

„შენ ვინ გგონივარო, შენი პატარა ბიჭი კი არ ვარო. ამხელა კაცი ვარო, განათლებული. რომ მორჩა საუბარს, დაამთავრეთ-მეთქი, ვკითხე“, - იხსენებს ლიპარტიანი და ამატებს: „ესეც ვერ აიტანა და შენი დედაო. და გათიშა [ტელეფონი]“.

რადიო თავისუფლებამ მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო ავთანდილ კვერნაძესთან დაკავშირება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახურში უარყოფენ კვერნაძის მიმართ ბრალდებას, თუმცა დამატებით განმარტებას არ აკეთებენ.

რელიგიის სააგენტოს არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მართულ, რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტად.

განახლება: მოგვიანებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, წერილობითი განცხადება გაავრცელა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედია გარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG