Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში უკრაინაში საბრძოლველად გასაგზავნ ბატალიონს აკომპლექტებენ


"მწვანე კაცუნები" სიმფეროპოლის აეროპორტში. 2014 წლის მარტი
"მწვანე კაცუნები" სიმფეროპოლის აეროპორტში. 2014 წლის მარტი

პეტერბურგის სამხედრო კომისარიატმა დაიწყო მოტომსროლელი ბატალიონის ფორმირება, რომლის გაგზავნაც იგეგმება უკრაინაში, სადაც რუსეთი 24 თებერვლიდან ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

ამის შესახებ საიტი "სევერ.რეალიი"წერს ადგილობრივ გამოცემაზე დაყრდნობით, რომელმაც ეს ინფორმაცია სამხედრო კომისარიატის ანონიმი თანამშრომლისგან მოიპოვა.

ამის შემდეგ, გამოცემის ჟურნალისტმა როგორც "ცნობისმოყვარე პეტერბურგელმა" სამხედრო კომისარიატში დარეკა, სადაც მას დაუდასტურეს ცნობა მოტომსროლელი ბატალიონის ჩამოყალიბების შესახებ და უთხრეს, რომ "მძღოლი სჭირდებათ".


აღმოჩნდა, რომ ვისაც ბატალიონში ჩარიცხვა სურს, ნახევარწლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს და გაიაროს სამხედრო მომზადება, რომელიც ერთი თვე გრძელდება. ამისათვის მსურველს 100 000 რუბლს ჰპირდებიან. ხოლო უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ანაზღაურება გაიზრდება. კომისარიატში აცხადებენ, რომ ბატალიონის მებრძოლებს კონტრაქტის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი.

"როდესაც ქვედანაყოფი დასავლეთში (უკრაინაში) ჩავა, თქვენ დღეში გადაგიხდიან 53$-ს, რასაც ემატება 8000 რუბლის დანამატი "შეტევაში" მონაწილეობისთვის. პლუს დანამატი საბრძოლო დამსახურებისთვის: ჯავშანტრანსპორტიორის და უპილოტო თვითმფრინავის აფეთქება 50 000 რუბლი, ტანკის განადგურება - 100 000 რუბლი. ანუ იქ ადამიანი იღებს 200 000 რუბლიდან ნახევარმილიონ რუბლამდე", - განაცხადეს კომისარიატში.

ომის შესწავლის ინსტიტუტი 13 ივლისს რუსულ მედიასა და ბლოგერებზე დაყრდნობით წერდა, რომ კრემლმა საერთო მობილიზაციის გამოუცხადებლად, რუსეთის რეგიონების ხელისუფლებას მოხალისეების მინიმუმ თითო-თითო ბატალიონის დაკომპლექტება დაავალა.

რუსეთში ასეთი სახელობითი ბატალიონების შექმნა გამოცხადდა, კერძოდ, პრიმორსკის მხარეში, ლენინგრადში, კურსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, ტიუმენში, ორენბურგის რეგიონებში, ბაშკირეთში, თათრეთში, პერმის მხარესა და ჩუვაშეთში. მოსკოვში, როგორც "მედუზამ" გაარკვია, კომისარიატებში ასევე დაიწყეს ქვედანაყოფის ფორმირება, რომელსაც არაოფიციალურად "სობიანინის (მოსკოვის მერ იგორ სობიანინის გავ;ლენით. - რედ) პოლკს" უწოდებენ.

XS
SM
MD
LG