Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმღერე, როცა ლაპარაკი საშიში ხდება!“


„ელვისი“ (2022, აშშ, ავსტრალია, რეჟისორი ბაზ ლურმანი)

„ელვისი“, ეს ბაროკალური ფრესკა, ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმი კინოს ისტორიაში, აუცილებელად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ. არ დაგეზაროთ! მაშინაც კი, თუ ელვის პრესლის მუსიკა მაინცდამაინც არ გიზიდავთ, თუ ბაზ ლურმანის სტილი მეტისმეტად გიჭრელებთ თვალს, მისი ფილმების კამერა კი თავბრუს გახვევთ. „ელვისი“ იდეალური აუდიოვიზუალური სანახაობაა, ალბათ ყველაზე კარგი, რაც ავსტრალიელ რეჟისორს აქამდე გაუკეთებია - უფრო ღრმა, ვიდრე „გეტსბი“, მუსიკალურად უფრო საინტერესო, ვიდრე „მულენ რუჟი“.

„ელვისის“ მთავარი გმირი მუსიკაა. აქ უამრავი სტილი ენაცვლება ერთმანეთს - ქანთრი, ბლუზი, როკი... სადღაც რეპიც კი. კამერა დაუსრულებლად მოძრაობს და განსაკუთრებით აფორიაქდება ხოლმე, როცა ელვისი სიმღერას იწყებს. ყველა გადასვლა კადრიდან კადრზე რბილია და გამოსახულება „ვითარდება“, როგორც კლასიკური მუსიკის შედევრი.

ელვის პრესლი ღარიბ ოჯახში გაიზარდა, იქ, სადაც „ქანთრის“ უსმენდნენ. თუმცა განგებამ მემფისის „შავი უბანი“ გააცნო და იმ ხალხთან დააახლოვა, რომელმაც მონობის უღელს მუსიკით გაუძლო. სწორედ ასეთი მუსიკა შემოვიდა მის ცხოვრებაში - თავისუფლების და მონობის მუსიკა, ერთდროულად. ბაზ ლურმანის ფილმიც ამ ერთდროულობის ასახვის ცდაა - „ელვისი“ - მუსიკალური და ისტორიული ფრესკაა. თანაც ისტორია აქ არაა ფონი, რომელსაც რადიოში ვუსმენთ და ტელევიზორში ვუყურებთ; ამერიკის ისტორია ელვისის ბიოგრაფიის ნაწილია - სეგრეგაციის კანონები, როკენროლის დაცენზურება, კენედების მკვლელობა, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა... 50-70-იანი წლების ამერიკა ცოცხლდება „მეფედ“ წოდებული ლეგენდის ბიოგრაფიით და, რაც მთავარია, მუსიკით.

მუსიკის გარდა ფილმს მეორე გმირი ჰყავს - „პოლკოვნიკად“ წოდებული ტომ პარკერი, „ეშმაკი-დემიურგი“, ცინიკური და შორსმჭვრეტელი ბიზნესმენი, რომელიც ელვისის კარიერას განაგებს. ეს ტომ ჰენქსის საუკეთესო როლია. თუ მეხსიერება არ მღალატობს, დიდი მსახიობი აქამდე არასდროს გვინახავს „ანტიგმირის“ სახით. ამიტომაც თავიდან შეიძლება ვერც იცნოთ, უბრალოდ, ვერ წარმოიდგინოთ ჰენქსი „ეშმაკის“ როლში. არადა, მთელი ფილმი მას მიჰყავს, მისი პერსონაჟი განაგებს აქ ყველაფერს, პირველ რიგში კი - ელვის პრესლის ბედს.

ბაზ ლურმანი და მისი სცენარისტები, შესაძლებელია უფრო მეტად მორალიზმისა და აქსიოლოგიისგან თავის დასაღწევად, ირჩევენ თხრობის სარისკო ხერხს - ელვისის შესახებ გვიამბობს კაცი, რომელსაც ბრალი ედება მომღერლის ექსპლუატაციაში, უსასასტიკეს მანიპულაციაში. პოლკოვნიკი ცდილობს გაიმართლოს თავი, მაგრამ ის, რასაც ეკრანზე ვხედავთ, ელვისის ცხოვრებაში „შესახლებულ“ ეშმაკს არ ამართლებს; პოლკოვნიკი ცინიკურად აღიარებს, რომ არ ესმის მუსიკა, რომ არ აღელვებს მუსიკა. ის არ უყურებს და არ უსმენს ელვისს. ის უყურებს და უსმენს პუბლიკას! ის ითვლის ფულს! და აქაც ვხვდებით, რომ ლურმანის ფილმში ელვისი მხოლოდ სიმბოლოა. უფრო სწორად, ელვისის ბიოგრაფია უამრავი ადამიანის ცხოვრების მკრთალი ანარეკლი ხდება.

ყველა, ვისაც მეტ-ნაკლები კავშირი გვქონია ამ სამყაროსთან, ვიცნობთ რეიტინგების დამთვლელ „ბუღალტრებს“, რომელთაც წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანების მანიპულაცია. ოღონდ იმასაც ნუ იფიქრებთ, რომ ბაზ ლურმანის კვლევის საგანი მხოლოდ შოუბიზნესია. ამ რეჟისორს მოვლენის განზოგადების საოცარი ნიჭი აქვს, შეუძლია შოუ გადააქციოს „პოლიტიკად“, გასართობი ინდუსტრია კი - ამ პოლიტიკის ნაწილად.

თქვენ არ ვიცი და მე მაგრად გამეცინა იმაზე, რომ ელვისი თავის იმპრესარიოს „ტრიუკების ოსტატს“ უწოდებს. „მე ერთი ტრიუკი გავაკეთე!“ - ამ ფრაზის სიმწარეს მხოლოდ ქართველები ვიგრძნობთ.

ელვისს რამდენჯერმე უჩნდება შანსი, განთავისუფლდეს კაცისგან, რომელმაც იგი ოქროს გალიაში ჩასვა, მაგრამ პოლკოვნიკის მაკიაველიზმს წინააღმდეგობას ვერ უწევს - რაც უფრო იხვეწება პრესლი, როგორც არტისტი, მით უფრო დახვეწილი ხდება მისი ჩაგვრა და ექსპლუატაცია. ამ თითქმის სამსაათიან ფილმში კიდევ ერთი „ერთდროულობა“ იქმნება - ჩვენ ვადევნებთ თვალს დიდი არტისტის ბიოგრაფიას და, ამავე დროს, ვეცნობით, როგორ იხვეწება ჩაგვრის მექანიზმი და როგორ კლავს ინდუსტრია ადამიანს. უფრო სწორად, როგორ ვკლავთ ადამიანს ჩვენ, მისი თაყვანისმცემლები.

პოლკოვნიკი ერთგან გამოუტყდება ელვისს, რომ უყვარს კომიქსები... უყვარს მუსიკაზე მეტად. არსებითად ასე ხედავს ის გართობის ინდუსტრიას - წარმოიდგენს როგორც რაღაც კომიქსის მსგავს სანახაობას, რომელმაც პუბლიკა რეალობას უნდა მოწყვიტოს. ელვისი დგამს სცენაზე ფანტასტიკურ შოუს, ექსტაზამდე მიჰყავს მსმენელი, მაგრამ რეალობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე ზღაპრული, ფერადი შოუ, რომლის შექმნაში ბაზ ლურმანს ალბათ ვერცერთი თანამედროვე რეჟისორი ვერ გაუწევს კონკურენციას. აღმოჩნდა, რომ ლურმანს იმის გამოხატვის უნარიც აქვს, რაც სანახაობის, გადაჭარბებული სიჭრელის, კიტჩის მიღმაა - სინამდვილის! ასე არ იყო ელვისიც, გამოწყობილი „ზიზილ-პიპილო“ შარვალ-კოსტიუმებში? სანახაობა ელვისასგან მსხვერპლს მოითხოვდა. ფილმის ფინალი, რომელშიც ქრონიკა გამოგონილსა და გათამაშებულთან იწყებს მონაცვლეობას, ისეთივე „ექსსტატიკურია“, როგორიც ელვისის მიერ შესრულებული სიმღერა. ოღონდ ჩვენს აღფრთოვანებას აქ რეალური ელვის პრესლის ხილვა განაპირობებს; აქამდე თვალს ვადევნებდით ელვისის ბიოგრაფიას, მაგრამ ვხედავდით არტისტს, რომელიც მას განასახიერებს. თვალს ვადევნებდით სანახაობას. ფინალში ცოცხალი ელვისი ვიხილეთ. „მეფე“ - გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე.

ოსტინ ბატლერი საერთოდ არ ჰგავს ელვისს, თუმცა მღერის, როგორც ელვისი. ოსტინი არ გვთავაზობს ელვის პრესლის ორეულს, რასაც თითქმის ყველა აკეთებს ბიოგრაფიულ ფილმებში. ის თამაშობს ელვისს, როგორც სიმბოლოს, რომელიც საბედნიეროდ, ყველა ადამიანში ცხოვრობს. ამ სიმბოლოს „შემოქმედება“ ჰქვია. სევდიანი ისაა, რომ ყველას არა აქვს საშუალება, გააცოცხლოს იგი თავის თავში.

„იმღერე, როცა ლაპარაკი საშიში ხდება!“ - ეს ფრაზა ბაზ ლურმანის ფილმის ერთგვარი რეფრენია. თუმცა მთავრდება „ელვისი“ და ჩვენს თავს შეიძლება გამოვუტყდეთ - ხანდახან კარგია, ლაპარაკის აკრძალვას რომ ცდილობენ. ასე რომ არ იყოს, სამყაროს ელვის პრესლი არ ეყოლებოდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG