Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა 


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველების და ექიმების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

გუდაურთან, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.

შს მინისტრის თქმით, პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი ცოცხალი გადარჩა, ის დაშავებულია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. მასთან ერთად მფინავი უცხოელი ტურისტი კი დაიღუპა.

დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შსს-ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG