Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაურის განცხადებით, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

გუდაურთან, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.

„მინდა პირველ რიგში ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს, მათი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის. [ვერტმფრენში] შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი იყო, იყვნენ სასწრაფო-სამედიცონო დახმარების ექიმები. ძალიან ცუდი, უბედური შემთხვევა მოხდა. კადრიც გავრცელდა, რომ ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. ექსპერტები მუშაობენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის ვარდნა. სამწუხაროდ, 8 ადამიანი არის გარდაცვლილი, - განაცხადა გომელაურმა და მალევე დაამატა, - კადრის მიხედვით რაც დავინახე, თითქოს, გორას, კლდეს ეჯახება [ვერტმფრენის] უკანა მხარე და შემდეგ იწყება უკვე მართვის დაკარგვა. რამ გამოიწვია? შეცდომა იყო? გაუმართაობა იყო? თუ ქარის ბრალი იყო? ალბათ ექსპერტიზა გვეტყვის".

როგორც ვახტან გომელაურმა თქვა, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ დღესვე შეძლონ დაღუპულთა გადასვენება პროზექტურაში.

შს მინისტრის თქმით, პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი ცოცხალი გადარჩა, ის დაშავებულია, მაშველებმა ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. მასთან ერთად მფინავი უცხოელი ტურისტი კი დაიღუპა.

„ერთი ადამიანი არის დაშავებული, ვინც პარაპლანით ფრინავდა და ერთი უცხოელი ტურისტი არის გარდაცვლილი, ვის საშველადაც ტარდებოდა ოპერაცია. ქართველი ამოიყვანეს დაშავებული, ცოცხალია“, - აღნიშნა გომელაურმა.

როგორც შსს იუწყება, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

შსს-ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვიდეო ასახავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG