Accessibility links

site logo site logo

„უყურებ და ეგრევე ხვდები - კი, ეს ნაღდად პუტინია“ - ლეგენდარული „შარლი ებდოს“ რედაქტორი პუტინის კარიკატურებზე, ომსა და სატირაზე


ჟერარ ბიარი

„დიქტატორის გაშარჟება ადვილია, თუმცა სახიფათოც. მაგრამ მივეჩვიეთ მუქარებს“, - ეუბნება სკანდალურად თამამი კარიკატურებით ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ მთავარი რედაქტორი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე ჟერარ ბიარს ომის დროს სატირის მნიშვნელობასა და ტაბუებზე ესაუბრა.

„ჩვენგან განსხვავებით, მას ტაბუები არ გააჩნია“, - ამბობს ბიარი რუსეთის პრეზიდენტზე.

რადიო თავისუფლება: მოდი, დავიწყოთ თქვენი და ჟურნალ „შარლი ებდოს“ პოზიციით - უკრაინის ომზე და მის მთავარ შემოქმედზე - ვლადიმირ პუტინზე.

2008 წელს, როდესაც სარკოზი გაფრინდა მოსკოვში, კრემლთან სალაპარაკოდ. არ ვიცით, რა უთხრა პუტინს, მაგრამ როდესაც ჩამოფრინდა, სახეზე ეწერა, რა უპასუხა პუტინმა. ეს პასუხი იყო: გაა**ი! ეს ერთადერთი პასუხია, რომელიც პუტინს აქვს: გაა**ი! იმას გავაკეთებ, რაც მინდა! შეიძლება სხვა სიტყვებით, მაგრამ დღეს მაკრონსაც „გაა**ი“-ს ეუბნება.

ჟერარ ბიარი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მთავარი შიში, რაც ევროპაში ამ ომს ახლავს, არის ის, რომ იგი მესამე მსოფლიო ომად გადაიზრდება. მე ვფიქრობ, რომ დავაგვიანეთ, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო - ესაა ომი იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც დემოკრატიული ღირებულებები და დემოკრატიული სისტემა აქვთ, მეორე მხარეს კი დგანან ქვეყნები, რომელთათვისაც ეს ყველაფერი უცხოა. ეს მარტო რუსეთს არ ეხება - აქვეა ჩინეთი, ირანი და ზოგიერთები ევროპაშიც, მაგალითად, თურქეთი. ქვეყნები, რომელთაც დემოკრატიის კულტურა არ გააჩნიათ. ესაა მთავარი პრობლემა რუსეთთან მიმართებით და იგივე ითქმის ჩინეთზეც - მათ არ აქვთ დემოკრატიის კულტურა, ტრადიცია, საფუძველი, რაზეც დემოკრატია შეიძლება აშენდეს. ომი ადვილია დიქტატორებისთვის. დემოკრატიები სხვანაირად მუშაობენ. რატომ არ გამოუვიდა ტრამპს თავისი ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება? ძალიან სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმიტომ, რომ ამერიკაში არსებობს დემოკრატიის პოლიტიკური კულტურა, არსებობს ინსტიტუციები, რომელთა დაცვაც ღირს. რუსეთში ასეთი არაფერია. რუსეთი არასოდეს ყოფილა დემოკრატია. რანაირად „გაყიდი“ დემოკრატიას იქ, სადაც მისი მუშტარი არ მოიძებნება?

რადიო თავისუფლება: როგორია პოლიტიკური სატირის ჭრილში დანახული ეს ომი?

ჟერარ ბიარი: მთავარი პრობლემა, როდესაც ომზე უნდა მოჰყვე სატირის მეშვეობით, ეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაბუა და უკიდურესად ზუსტი, აკურატული უნდა იყო შენს გზავნილში, ვინაიდან სატირა, როგორც წესი, ღიაა სხვადასხვა ინტერპრეტაციისათვის. ფრთხილად უნდა მოეპყრო ამ თემას. რაც შეეხება უკრაინის ომს, აი, ახლა დავყურებ კარიკატურებს, რაც გამოვაქვეყნეთ და, როგორც წესი, ვცდილობთ უკრაინის ომი ფრანგული პოლიტიკური რეალობის აღსაწერადაც გამოვიყენოთ. აი, ერთ-ერთი მაგალითი: არჩევნების წინ გამოვაქვეყნეთ კარიკატურა, რომელზეც პუტინი დრონს მართავს. მაგრამ ეს ჩვეულებრივი დრონი არ არის, მადამ ლე პენი ვაქციეთ დრონად. ქვემოთ ტექსტში ისმის კითხვა: პუტინის დრონი - მოიგებს კი ის? და, რა თქმა უნდა, გვაქვს მთელი სერია კარიკატურებისა, რომელიც უშუალოდ პუტინს ეძღვნება. ის ადვილი საკბილოა - კარიკატურის კლასიკური პერსონაჟია.

„შარლი ებდოს“ კარიკატურა
„შარლი ებდოს“ კარიკატურა

დიქტატორია, და დიქტატორის გაშარჟება ადვილია, თუმცა, რა თქმა უნდა, სახიფათოც. მაგრამ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ მუქარებს, თანაც არა მხოლოდ დიქტატორებისგან, არამედ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელიც დღეს სოციალურ მედიას იყენებს. ნებისმიერს შეუძლია დაემუქროს ნებისმიერს დღეს, ასეთია ახალი რეალობა, სოციალური მედიის რეალობა.

რადიო თავისუფლება: იმ კარიკატურებიდან, რომელშიც პუტინი დახატეთ, რომელია თქვენი ფავორიტი და რატომ?

პუტინი კაცი-გორილაა, შიშველი, პატარა, პაწაწინა პენისით, ბირთვულ წითელ ღილაკს დაშტერებია და ცდილობს, თავისი ერთი ციდა ასო მიაწვდინოს. უყურებ და ეგრევე ხვდები - კი, ეს ნაღდად პუტინია.

ჟერარ ბიარი: რომელზეც პუტინი მაიმუნად ვაქციეთ. ის კაცი-გორილაა, შიშველი, პატარა, პაწაწინა პენისით, ბირთვულ წითელ ღილაკს დაშტერებია და ცდილობს, თავისი ერთი ციდა ასო მიაწვდინოს. არც კია საჭირო განმარტება, ვის და რას ასახავს ეს კარიკატურა, ყველაფერი ცხადია, უყურებ და ეგრევე ხვდები - კი, ეს ნაღდად პუტინია.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტებს რაც შეეხება, თქვენს საკუთარზეც მინდა, გკითხოთ - უფრო კონკრეტულად, მის დაჟინებულ რეკვაზე კრემლში, თანაც მაშინ, როდესაც პუტინი თანამშრომლობის არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს. ასევე მის ფრაზაზე, რომ თითქოსდა, „რუსეთი არ უნდა დავამციროთ“. რას ფიქრობთ მაკრონის პოზიციაზე?

„შარლი ებდოს“ კარიკატურა
„შარლი ებდოს“ კარიკატურა

ჟერარ ბიარი: მაკრონს სურს ლიდერად დაინახონ, სურს ევროპის ლიდერი იყოს. მან სცადა, მაგრამ ჩაფლავდა, რადგან ეს ასე მარტივი არ არის. მან სცადა, გაძღოლოდა ე.წ. ევროპულ ფრონტს უკრაინის ომის საკითხზე. სცადა, პუტინთან მთავარ მომლაპარაკებლად დარჩენილიყო ევროპაში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არ ესმის, რომ პუტინს არაფერში სჭირდება „დამლაპარაკებელი“. ახალი ამაში არაფერია - იგივე სარკოზიმაც სცადა 2008 წელს, როდესაც პუტინი საქართველოს დაესხა თავს. სარკოზი გაფრინდა მოსკოვში, კრემლთან სალაპარაკოდ. არ ვიცით, რა უთხრა პუტინს, მაგრამ როდესაც ჩამოფრინდა, სახეზე ეწერა, რა უპასუხა პუტინმა. ეს პასუხი იყო: გაა**ი! (Fuck Off!) ეს ერთადერთი პასუხია, რომელიც პუტინს აქვს: გაა**ი! იმას გავაკეთებ, რაც მინდა! შეიძლება სხვა სიტყვებით, მაგრამ დღეს მაკრონსაც „გაა**ი“-ს ეუბნება.

რადიო თავისუფლება: ფილოსოფიური კითხვა: რამდენად მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ რუსეთში დიდი სატირული გამოცემები აღარ დარჩა? საბჭოთა პერიოდშიც კი იყო ერთი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და საკმაოდ ხშირად სისტემის გაშარჟებასაც ბედავდა.

პუტინმა მოახერხა და რუსეთში სატირა „დააქენსელა“.

ჟერარ ბიარი: პუტინი ჭეშმარიტი ავტოკრატია. საბჭოთა კავშირი სისტემა იყო, პუტინი ერთი კაცია, რომელსაც ყველაფრის კონტროლი სურს. ის ვერ იტანს შელაპარაკებას, თავისთავად ცხადია, ვერ იტანს რაიმე კრიტიკას. მან მოახერხა და რუსეთში სატირა „დააქენსელა“. შეგიძლია, გაბედო, მაგრამ ციხეში წახვალ, ან უარესი, მოკვდები. და ეს სიკვდილი არ იქნება უმტკივნეულო. ესაა მთავარი პრობლემა პუტინთან მიმართებით - ის, თუ რა დამართა მან რუსეთს.

რადიო თავისუფლება: 2015-ში, მახსოვს, კრემლის სპიკერი პესკოვი და მთელი კრემლის „მოლაპარაკე ელიტა“ გააცოფეთ, როდესაც ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა გააშარჟეთ. მაშინ ისმოდა შეფასებები - მკრეხელობა და წმიათაწმიდ შეურაცხყოფა. რამდენად ირონიულია ეს 2022 წლის გადმოსახედიდან?

ჟერარ ბიარი: პუტინს არ ადარდებს მკვდარი ადამიანები, იქნება ეს რუსეთში თუ უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა იქნება ეს თუ ჯარისკაცები. ჩვენგან განსხვავებით, მას ტაბუები არ გააჩნია. საერთოდ. ის უყურებს და ვერ ხედავს ცხედრებს, ის ხედავს რიცხვებს, სტატისტიკას, რომელიც მისი „სპეციალური ოპერაციის“ შედეგია.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG