Accessibility links

site logo site logo

"სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის" - ვის სჯერა ამის? - ინტერვიუ მის ადვოკატთან


ბოლო რამდენიმე დღეა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობენ. თავად სააკაშვილს ამის შესახებ "ფეისბუკზე" არ დაუწერია. ადვოკატებიც და ოჯახის წევრებიც მის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ.

არის თუ არა პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადება მისი სამკურნალოდ გადაყვანის წინაპირობა და ვის სჯერა ამის - რადიო თავისუფლებამ მის ადვოკატთან, ვალერი გელბახიანთან ჩაწერა ინტერვიუ.

კონკრეტულად რა გითხრათ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლაზე?

ვალერი გელბახიანი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
ვალერი გელბახიანი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

სააკაშვილმა პოზიცია შეცვალა თუ გადაწყვიტა ასე, ეს მისი ნებაა. მან თქვა, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, იმდენად საფრთხის მატარებელია მისი მდგომარეობა, რომ ყველანაირი პოლიტიკისგან ითავისუფლებს თავს და მისახედი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე მას არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს.

მისი პოზიცია ნათელია, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა, რაც ნიშნავს, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნა არ უნდა. მან ასეთი რამ თქვა, თუ მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება, მხოლოდ ამის შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდია საჭირო, თუ დაბრუნდება პოლიტიკაში, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში და არავითარ შემთხვევაში საქართველოში.

ვინ არის სააკაშვილის ამ გზავნილის მთავარი ადრესატი?

ქართველი ხალხი. მან ასეთი რამ თქვა და არავინ მიაქცია ყურადღება: მას რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, როგორც პრეზიდენტმა, როგორც პოლიტიკოსმა და როგორც დევნილმა. რადგან ქართველ ხალხს უნდოდა, ჩამოვიდა, ეს ნაბიჯიც გადადგა მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაიჭერდნენ.

სააკაშვილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. ხელისუფლებას არ მიემართება მისი ეს განცხადება მაშინ, როცა სამკურნალოდ გადაყვანა სურს?

მე ვერ შევალ პოლიტიკურ წიაღსვლებში: ვის შეიძლება მოეწონოს და ვის - არა. ჩემს აზრს ვიტყვი, სააკაშვილის გარეშე ქართული პოლიტიკა ძნელი წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე ფუნქციას დაკარგავს ბევრი იდეოლოგიური მიმართულება, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს - რომ საფრთხობელაა, რევანშისტია. ამას თითოეული ამომრჩევლის გონებაში ნერგავდნენ და გახდება უსაგნო.

როდის მიიღო ეს გადაწყვეტილება, როდის გაიგეთ თქვენ?

გადაწყვეტილება ერთ კვირაზე მეტია ჩემთვის ცნობილია. მე გავაკეთე "TV პირველში" მინიშნება - ვთქვი, ქართულ არხებს აღარ უყურებდა და ინტერესი აღარ ჰქონდა ქართული პოლიტიკის მიმართ. მას მერე შევხვდი მას და მითხრა, არათუ ინტერესი არ მაქვს, გავდივარ პოლიტიკიდანო.

მის ამ განცხადებას ადვილად დაიჯერებენ?

როცა წავა, მაშინ დაიჯერებენ. მანამდე ციხის პირობებშია. მანამდე ყოველთვის იქნება მითქმა-მოთქმა. თვითონაც გააკეთებს განცხადებას, თუ დაიჯერებენ, დაიჯერებენ. თუ არ დაიჯერებს ხელისუფლება, სამკურნალოდ გაუშვან და მაშინ დაიჯერებენ.

გამოდის, მაინც ხელისუფლებაა მისი ამ განცხადების ადრესატი.

ქართველი ხალხი და მისი ჯანმრთელობა, არავითარი ხელისუფლება.

მისი სამკურნალოდ საქართველოდან გადაყვანა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება?

პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუ არ გაუშვებენ... კანონში წერია, რომ იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია [საჭიროების შემთხვევაში] პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად გადაუვადოს სასჯელის აღსრულება. თუ ამას არ აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, ეს პოლიტიკურ შეფასებებს ექვემდებარება - თუ გადასარჩენად არაფერს აკეთებ, მკვლელობის თანამონაწილე ხარ.

პირველმა, ვინც სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების აუცილებლობაზე ისაუბრა, იყო მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი. მისი განცხადებაც საერთო ტაქტიკის ნაწილი იყო?

ჩვენ თითქმის პარალელურ რეჟიმში გავაკეთეთ ეს განცხადებები. ქალბატონი გიული [ალასანია, დედა] და ედუარდ სააკაშვილი შესულები იყვნენ მასთან და 3-საათიანი საუბრის შემდეგ გაკეთდა ეს განცხადება. შემთხვევით არაფერი ყოფილა.

[პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებას] რაც მოჰყვა, რომ ნაწყენია პარტიაზე, ასე არაა - ერთი სიტყვა არ უთქვამს. მეც ვკითხე.

რადგან პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ესაუბრეთ, ჰკითხეთ, რატომ თქვა თქვენთან ამ გადაწყვეტილების შესახებ და არა თანაგუნდელებთან?

ადამიანები ვართ და ბუნებრივია ვკითხე. მან თქვა, რომ პოლიტიკოსებთან აღარ ჰქონდა შეხვედრები, მისი სურვილით. მოსვლას ვერავის აუკრძალავ, მაგრამ თქვა, რომ პოლიტიკაზე არ იქნება საუბარი.

მითხრა, ჩემთან დადის მხოლოდ ერთადერთი ადამიანი [თანაგუნდელებს შორის] ეკა ხერხეულიძე [პარლამენტის წევრი], მაგრამ როგორც მეგობარი.

მისი პოლიტიკიდან წასვლა იგივე ეჭვებს ხომ არ გაუჩენს პარტიის ოპონენტებს, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს "ქართული ოცნების" მიმართ?

ჩრდილოვანი მმართველობა იქნება თუ არა? არა. პოლიტიკას ჩამოსცილდება.

ნიკა მელიამ თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლა ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა. ამით მისი ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა?

მე მადლიერი ვარ, რომ ასეთი კორექტული შეფასება მისცა. ტაქტიკა ნიშნავს, რომ სტრატეგიული ამოცანა იყოს, მისი გაყვანა. ეს არ არის კონფროტაციული განცხადება - შეეძლო ეთქვა, რომ ადვოკატების საქმე არ იყო.

ჩვენ გავაკეთეთ მინიშნებები, განმარტებები. დანარჩენს ბატონი სააკაშვილი იტყვის.

თქვენ ხომ არ შესთავაზეთ პოლიტიკიდან წასვლაზე ესაუბრა?

დაახლოებით სამი კვირაა ჩართული ვარ ამ საქმეში. მე შევთავაზე, რომ დაგვეყო საქმეები, რადგან ბევრი ადვოკატი ჰყავს. საკმარისია ორ-ორი ადვოკატი თითო საქმეში, გაუძღვებიან უფრო ეფექტურად, ამას საადვოკატო პრაქტიკა ცხადყოფს.

მე და შალვა ხაჭაპურიძე სასჯელის გადავადების ნაწილში ვართ. ჯერ ხაჭაპურიძე ჩაერთო და შემდეგ დააბარა, რომ მივსულიყავი.

სააკაშვილის "ფეისბუკის" გვერდზე მისი პოლიტიკური განცხადებები ივნისის ბოლოდან აღარ იწერება. ეს თქვენს ამ საქმეში ჩართვას ემთხვევა.

მე დაახლოებით იანვარ-თებერვალში წერილი მივწერე, რომ სასამართლო სხდომებზე მისი მთავარი აქცენტი ყოფილიყო სამართალი და არა პოლიტიკა. მე როგორც მაყურებელს, იმ რიტორიკას, რასაც ვუსმენდი, პოლიტიკურ ტრიბუნას უფრო მაგონებდა, ვიდრე სასამართლოს. მივწერე, რომ ყველა შენი გამოსვლა იყოს როგორც პრეზიდენტის, როგორც იურისტის გამართული. ეს იყო რჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG