Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარჯველაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: ეს ხრიკად განიხილება და ფუჭი მცდელობაა


მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან"
მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხი არ შეიცვლება იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს პოლიტიკაში ყოფნასთან დაკავშირებით. სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების გავრცელებულ ინფორმაციაზე პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლა დიდ გავლენას და ნაკვალევს ვერ დაამჩნევს ქართულ პოლიტიკას. ასე ეგონა, როცა საქართველოში ჩამოდიოდა და სხვა რეალობა დახვდა. ამაშია მისი პრობლემა.

მეორე მხრივ, ეს ხრიკად განიხილება - აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა, რადგან ეს ერთმანეთთან თანხვედრაშიც არ არის პოლიტიკაში ექნება თუ არა ყოფნის სურვილი მის საპატიმრო უფლების განხორციელებასთან და ერთმანეთთან სავაჭროდ გამოყენება მიუღებელი და წარმოუდგენელია", - თქვა სარჯველაძემ.

29 ივლისს "პალიტრანიუსის" ეთერში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილია. ამ საკითხზე საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება.

"[სასჯელის გადავადების] შანსები გაიზარდა. ხელისუფლებას მისდის მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ჩემი გზავნილები, რომელსაც მე ვაჟღერებ შემთხვევით. სააკაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს არ გააჩნია. ნუ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ...

საერთოდ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩემს თავს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო - ასეთი განცხადება გააკეთა... ველოდები, რომ ამ განცხადებას თვითონ გააკეთებს", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ადვოკატების სტრატეგიის ნაწილია, რომ სააკაშვილი "პოლიტიკით აღარ ინტერესდება".

"ადვოკატებს აქვთ თავიანთი საქმე და ისინი ამას უკეთ აკეთებენ იმიტომ, რომ იქ არიან პროფესიონალები, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილია", - თქვა მელიამ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.

ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადო სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG