აგვისტოში, სამი დღის განმავლობაში თბილისიდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ. "საქართველოს რკინიგზაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ მარშრუტებზე 9, 10 და 11 აგვისტოს ბილეთები გაყიდული არ არის.
"საქართველოში რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი... ამ პროექტის ფარგლებში კომპანია აშენებს ახალ გვირაბებს, კეთდება სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს", - აღნიშნავენ კომპანიაში.
ყოველდღე თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით შვიდ-შვიდი რეისი სრულდება. მათ შორის სამ-სამი თბილისსა და ბათუმს შორის, და თითო-თითო ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისისა და ფოთის მიმართულებით.