Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის "საიდუმლო ფორმულა" გათქვა


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ამავე პარტიის ლიდერის "საიდუმლო ფორმულა" გათქვა. კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და ნიკა მელიას გამოხმაურებაზე რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ნაცმოძრაობის" ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე - არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის "ნაცმოძრაობის" შიგნით...

საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით, საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

29 ივლისს "პალიტრანიუსის" ეთერში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილია. ამ საკითხზე საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება.

"[სასჯელის გადავადების] შანსები გაიზარდა. ხელისუფლებას მისდის მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ჩემი გზავნილები, რომელსაც მე ვაჟღერებ შემთხვევით. სააკაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს არ გააჩნია. ნუ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ...

საერთოდ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩემს თავს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო - ასეთი განცხადება გააკეთა... ველოდები, რომ ამ განცხადებას თვითონ გააკეთებს", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ადვოკატების სტრატეგიის ნაწილია, რომ სააკაშვილი "პოლიტიკით აღარ ინტერესდება".

"ადვოკატებს აქვთ თავიანთი საქმე და ისინი ამას უკეთ აკეთებენ იმიტომ, რომ იქ არიან პროფესიონალები, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილია", - თქვა მელიამ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.

ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადო სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG