Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ლეგალურად დასაქმების შანსი - რა ვიცით ახალი პროგრამის შესახებ 


გარკვეული პერიოდულობით უნგრეთის მთავრობა ადგენს იმ დეფიციტური პროფესიების სიას, სადაც უჭირს კვალიფიციური კადრების პოვნა ქვეყნის შიგნით და მათ საზღვარგარეთიდან იწვევს.
გარკვეული პერიოდულობით უნგრეთის მთავრობა ადგენს იმ დეფიციტური პროფესიების სიას, სადაც უჭირს კვალიფიციური კადრების პოვნა ქვეყნის შიგნით და მათ საზღვარგარეთიდან იწვევს.

უნგრეთის მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც გარკვეულ პოზიციებზე დასაქმების ლეგალურ უფლებას მისცემს. ვინ, როდის და რა პირობებით შეიძლება იპოვოს სამსახური უნგრეთში? დასაქმების პროგრამის დეტალებზე ინფორმაცია “რადიო თავისუფლებას” უნგრეთში საქართველოს საელჩომ მიაწოდა.

ვის შეუძლია სცადოს ბედი და რა არის ამისთვის საჭირო?

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს შესაბამისი დეფიციტური პროფესიის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს; ასევე, აკმაყოფილებს იმ დამატებით თუ სპეციფიკურ მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს უნგრელ დამსაქმებელს.

რას თვლის უნგრეთი დეფიციტურ პროფესიად?

გარკვეული პერიოდულობით უნგრეთის მთავრობა ადგენს იმ დეფიციტური პროფესიების სიას, სადაც უჭირს კვალიფიციური კადრების პოვნა ქვეყნის შიგნით და მათ საზღვარგარეთიდან იწვევს.

2021 წელს შედგენილ სიაში სხვა პროფესიებს შორის მითითებულია:

  • IT და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციალისტები;
  • ტექნიკური პროფესიების წარმომადგენლები, მაგალითად, მექანიკოსები, ელექტრიკოსები, შემდუღებლები;
  • მენეჯერები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე;
  • ჯანდაცვის პროფესიები, მაგალითად, მედდა, ფიზიოთერაპევტის ასისტენტი, მასაჟისტი;
  • სოციალური მუშაკი;
  • ოფისის ადმინისტრატორი, საოფისე და ადმინისტრაციული საქმიანობა;
  • ბანკის მოლარე-ოპერატორი, კლიენტებთან ურთიერთობის სხვა პროფესიები;
  • კომერციული და კვების საქმიანობა, მიმტანი, მზარეული, მაღაზიის მოლარე;
  • გემის და თვითმფრინავის ბორტგამცილებელი;
  • საკუთრების დაცვის თანამშრომელი;
  • სოფლის მეურნეობის პროფესიები;
  • სამშენებლო პროფესიები;
  • მძღოლები;
  • მარტივი სამრეწველო, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო პროფესიები.

პროფესიების სრული ჩამონათვალი უნგრულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ უნგრეთის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე

რა პერიოდით შეიძლება დასაქმება?

საქართველოს მოქალაქეების უნგრეთში ლეგალურად დასაქმება შეიძლება 3 თვიდან 5 წლამდე.

როდის შეიძლება პროგრამაში ჩართვა?

2022 წლის ბოლო კვარტალში პროგრამის საპილოტო რეჟიმი ამოქმედდება. დაგეგმილია, რომ სრულყოფილად პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდეს.

როდის და როგორ შეიძლება განაცხადის გაკეთება?

საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამა გახსნილად 1 სექტემბრის შემდეგ გამოცხადდება.

ამის შემდეგ გაჩნდება ონლაინაპლიკაციის შევსების შესაძლებლობაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროგრამა ჯერ კიდევ მუშავდება და უნგრეთის მხარესთან ერთად მასში ჩართულია საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები.

ვინ შეარჩევს გამარჯვებულებს და, სავარაუდოდ, რამდენი იქნება ხელფასი?

თანამშრომლებს უნგრელი დამსაქმებელები შეარჩევენ, ისინი განსაზღვრავენ და შეათანხმებენ დასაქმებულის ანაზღაურებასასაც. კერძო დამსაქმებლისა და დასაქმებულის სამართლებრივ ურთიერთობებს ხელშეკრულება დაარეგულირებს.

თუ საზღვარგარეთ დასაქმებულის უფლებები დაირღვევა, ვის უნდა მიმართოს საქართველოს მოქალაქემ?

პროგრამას მონიტორინგის სპეციალური ორგანო არ ჰყავს. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დავები დარეგულირდება საერთაშორისო სტანდარტებითა და ხელშეკრულებებით. უფლებების დარღვევასა და სხვა პრობლემის გადაჭრაზე დასაქმებულს პროექტის ამოქმედებისთანავე მიაწვდიან ინფორმაციას.

საქართველოს გარდა კიდევ არის ქვეყნები, სადაც უნგრეთი კადრებს ეძებს?

უნგრეთის საკანონმდებლო მაცნის თანახმად, საქართველოს გარდა კადრებს იღებენ მესამე სამყაროს სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად, ბელარუსიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ფილიპინებიდან, ინდონეზიიდან, ყაზახეთიდან, მონღოლეთიდან, მონტენეგროდან და ვიეტნამიდან.

რა ვიცით უნგრეთზე?

უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2004 წლიდან, ნატოს წევრი კი 1999 წლიდან გახდა, თუმცა მისი ვალუტა უნგრული ფორინტია (1 ფორინტი 0.0026 აშშ დოლარი ღირს).

უნგრეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორები 2020 წელს მრეწველობა (23.5%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და კვების სერვისები (17.7%), სახელმწიფო ადმინისტრირება, თავდაცვა, განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური სამუშაოები (17.5%) იყო.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG