თუ სამმხრივ რუსულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ფორმატში მთიან ყარაბაღში მდებარე დაშორიშორების ხაზის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, უნდა ვიფიქროთ დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ფაშინიანს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს დამატებითი საერთაშორისო მექანიზმებში და რა ნაბიჯები გადადგა და დგამს სომხეთი ამ მიმართულებით.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ყოფნა და საქმიანობა ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი ფაქტორია.
ბოლო დღეებია მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სიმაღლის დასაკავებლად „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტულ-დივერსიული ოპერაციის" შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, რასაც მოჰყვა საპასუხო შეტევა და კონტროლის დამყარება რამდენიმე სიმაღლეზე ყარაბაღის ქედის გასწვრივ.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, 2 სამხედრო დაიღუპა და 19 დაიჭრა.
კონფლიქტის მხარეებს დაძაბულობის შემცირებისა და მოლაპარაკების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდა აშშ-მა და ევროკავშირმა. მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლების ცნობით, ამ დროისათვს დაპირისპირების მთელ ხაზზე ვითარება სტაბილურია.
მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შემდეგ მეორე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარს გაგრძელდა. 2020 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა, რეგიონში კი, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა.
დაწერეთ კომენტარი