Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ასე შორს და მაინც ასე ახლოს - საქართველოს ევროპული მომავალი“


ავტორი: ანანო სიყმაშვილი

ემანუელ მაკრონმა თქვა:“ საქართველო სხვა გეოპოლიტიკური რეალობაა.“ ვფიქრობ, რომ ამ ფრაზით გულისხმობს ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას და არა იმ პოსპულატს, რომ საქართველო ევროპა არ არის. საქართველო ევროპაა და დიახ ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.როდესაც საქართველოს ევროპულ მომავალზე ვმსჯელობთ საუბარი გვაქვს მეტად სერიოზულ სამომავლო შედეგებთან, რომელიც საქართველოს დიდ მეტამორფოზას გამოიწვევს. ეს პატარა რევოლუცია კი დიდი და სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს: პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ცივილიზაციურ არჩევანს. აღსანიშნავია, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ახალი თაობის განვითარებისთვის იქნება მეტად სასარგებლო, შეიცვლება განათლების სფეროში სტანდარტები და მიდგომები, უკვე ღრმად გაიდგამს ფესვს არა „ლექსის დაზუთხვის ხელოვნება“, არამედ ანალიტიკური აზროვნება და განსჯის უნარი. საღი აზრის დაბადებისთვის კი ეს აუცილებელი წინაპირობაა. ვფიქრობ, რომ ევროპა მომავალს მეტ თავისუფლებას და უსაზღვრო შესაძლებლობებს მოუტანს. ახალი თაობა კი ყველაფერს მაქსიმალურად გამოიყენებს და საბოლოოდ მივიღებთ იმ ნანატრ ქვეყნის გადამრჩენელ ახალგაზრდებს, რომლებსაც დიდხანს ველოდით.

ევროპა საქართველოსთვის თან ახლო და თან შორია. ამას სხვადსხვა ფაქტორი განაპირობებს. თუნდაც ის, რომ საქართველოს არ ესაზღვრება ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყანა. ჩვენი მეზობელი ქვეყანაა რუსეთი, რომელიც ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენდა და ახდენს. მიხეილ ჯავახიშვილი კი ზუსტად გამოხატავს ამ დამოკიდებულებას: “რუსი ცხენით მისდევს ევროპას, ჩვენ კი თოკით მიგვათრევს და გვეუბნება, არ ჩამომრჩეთო, ჩვენც დასისხლიანებული მივრბივართ და გვგონია რუსი სიკეთეს გვიშვრება.“ რეალურად პროპაგანდით შეფუთული სიკეთის „ზღაპარი“ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის. რუსული პროპაგანდისტული მანქანა დიდი მონდომებით მუშაობს ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაზე, რაშიც რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. აშკარაა, რომ პროპაგანდა ამართლებს, მაგრამ როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, გამოფხიზლებისა და გამოღვიძების დროა. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ ევროპის მნიშვნელობა და ის ნაბიჯები რაც ევროპამდე მისასვლელად გვჭირდება. ქართველი ხალხის პროტესტი დასაფასებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში არა მარტო საშინაო საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი, არამედ საგარეოც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საგარეო საქმეებში კი მოკავშირეების მოძებნა და მათთან დაახლოება იგულისხმება. მაგალითად, მოლდოვა, რომელმაც კანდიდატის სტატუსი მიიღო რაღაც გარკვეული ინდიკატორებით საქართველოს ჩამორჩება კიდეც, მაგრამ მას ჰყავს ევროპელი პარტნიორები, ასევე ბოლო დროს ცდილობდა, რომ ევროკავშირს დაახლოებოდა. შედეგს კი ვხედავთ. არაერთი პროექტი, კონფერენცია თუ ტრენინგი იმართება „მეტი ევროპა მეტი შესაძლებლობა“, რაც ცნობიერების ამაღლებასა და იდეის გაღვივებას ემსახურება, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად საქმით დამტკიცებაც გვჭირდება, რომ ევროპასთან იმაზე მეტად ახლოს ვართ ვიდრე მათ ჰგონიათ. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენ რუსეთისგან დამოუკიდებლად ვარსებობთ და ჩვენც ევროპის ნაწილი ვართ. ამით რუსეთსაც დავუმტკიცებთ თუ ვინ ვართ, რა შეგვიძლია. შეიძლება ძალიან უტოპიურად ჟღერდეს, მაგრამ თუ ნელ-ნელა, მიუხედავად გეოპოლიტიკური მდებარეობისა, დასავლეთის ქვეყნები გავერთიანდებით უძლეველ რუსეთს ერთად გავანადგურებთ - „ძალა ერთობაშია“.

ამრიგად, ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან და არგუმენტებიდან გამომდინარე, თუ გვინდა მეტი ევროპა მეტი შესაძლებლობებისთვის ანუ ევროპული მომავალი, მაშინ როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG