Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანამ რუსეთს არ სცალია, ყარაბაღში შეიძლება ომი განახლდეს


დრონით გადაღებული თავდასხმა ლაჩინის რეგიონში, 2022 წლის 3 აგვისტო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსიტროს ფოტო
დრონით გადაღებული თავდასხმა ლაჩინის რეგიონში, 2022 წლის 3 აგვისტო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსიტროს ფოტო

მთიან ყარაბაღში კვლავ ისვრიან. 3 ადამიანი დაიღუპა, 14 დაიჭრა. აზერბაიჯანმა ახალ სამხედრო ოპერაციას “შურისძიება” დაარქვა.

3 აგვისტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ლაჩინის რეგიონში რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა. მათი მტკიცებით, ეს პასუხი იყო “უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების ცეცხლზე”. ასე ეძახის ბაქო არააღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ძალებს. ახლა აზერბაიჯანს სურს, დაიბრუნოს სტრატეგიული ქალაქი ლაჩინი. სომხეთი ყარაბაღს მხოლოდ ამ ქალაქზე გამავალი გზითღა უკავშირდება.

ორმხრივი ბრალდებები

აზერბაიჯანი ადანაშაულებს სომხეთს სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში, რომელმაც 2020 წელს 44 დღიანი ომი დაასრულა. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რეგიონში 2 ათასი რუსი სამშვიდობო ჩადგა, აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის მისი ისტორიული დედაქალაქი, შუშა.

ასეთი სტატუს-კვოა ყარაბაღის რეგიონში 2020 წლის ნოემბრის შემდეგ
ასეთი სტატუს-კვოა ყარაბაღის რეგიონში 2020 წლის ნოემბრის შემდეგ

ბაქო აცხადებს, რომ ახლაც ცეცხლი პირველმა სომხურმა მხარემ გახნა. გარდა ამისა, მთიანი ყარაბაღის რეგიონი მთლიანად მისი ტერიტორიაა და იგი სომხურმა არმიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს.

საპასუხო ბრალდებები აქვს სომხეთსაც. საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “აზერბაიჯანი აგრძელებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაშინების, მისი ეთნიკური წმენდის და მცოცავი ოკუპაციის წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკას”.

ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში სამხედრო მზადყოფნაა გამოცხადებული.

მყიფე მშვიდობა

2020 წელს, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის 4 რაიონზე, რომლებიც 1994 წლის ომის შემდეგ, ეთნიკური სომხების ხელში იყო. 44-დღიან შეტაკებებს 6400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ნოემბრის სამმხრივმა შეთანხმებამ დაასრულა ომი, მაგრამ არა დაძაბულობა.

მაგალითად, 2021 წლის 12 მაისს, სომხეთმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯის სამხედრო ძალებმა რეგიონის სიღრმეში 3,5 კილომეტრით შეიწიეს. აზერბაიჯანმა უპასუხა, რომ “აძლიერებს უსაფრთხოებას საზღვართან, ამას აკეთებს მის ხელთ არსებული რუკების საფუძველზე”, ადრე კი “კუთვნილი ტერიტორიის დაკავებას” კლიმატური პირობების გამო ვერ ახერხებდა.

მარტში სროლები განახლდა. იყვნენ დაღუპულებიც. მხარეებმა ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს. სამხედრო ექსპერტები მაშინ ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანმა, რომელსაც თურქეთის მხარდაჭერა აქვს “დრო იხელთა”. საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომი უკვე დაწყებული იყო, და რუსეთსაც მოუხდა ქალაქ გიუმრის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების ნაწილი ომში გადაეტყორცნა.

ისევ “დრო იხელთეს”?

2 აგვისტოს არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მოსთხოვა, სომხეთს ე.წ “ლაჩინის დერეფნით” აღარ დაუკავშირდნენ და ტრანსპორტი სხვა მარშრუტით გაუშვან.

“ლაჩინის დერეფანი” გზაა, რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფელები აკონტროლებენ. ეს გზა გადის ქალაქ ლაჩინზე. აზერბაიჯანს ამ ქალაქის დაბრუნება უნდა.

შეთანხმების თანახმად, სომხეთი ვალდებულია ყარაბაღელ სომხებს ახალი გზით დაუკავშირდეს, რომელმაც ლაჩინზე აღარ უნდა გაიაროს. აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გზის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სომხეთისაზე - არა.

გზის დაუსრულებლობა აძლევს აზერბაიჯანს საბაბს, ისაუბროს მშვიდობინი ხელშეკრულების დარღვევაზე და გაზარდოს წნეხი სომხეთზე - ეუბნება BBC-ს სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი.

ესკალაცია შეიძლება უკავშრდებოდეს ორ გარემოებას. პირველი - რუსეთი ახლა უკრაინაშია დაკავებული და ყარაბაღისთვის არ სცხელა. ამიტომ აზერბაიჯანი ცდილობს, შემოაწმოს წითელი ხაზები და გაიგოს, რამდენად შორს შეძლებს წასვლას. და მეორე - [ყარაბაღის სტატუსზე] მოლაპარაკებები მიდის და აზერბაიჯანი სხვადასხვა სახის ზეწოლას იყენებს”, - თქვა მან.

მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰარ ველიზადე კი ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება პროპორციული პასუხია სომხეთის “შეუსრულებელი დაპირებებზე”.

თუმცა ორივე ექსპერტი გამორიცხავს რომ ეს პატარა შეტაკებები კვლავ ომში გადაიზრდება, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რეგიონში რუსი სამშვიდოებები რჩებიან.

ახალი მექანიზმი?

აი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინაიანი კი ამ ომპტიმიზმს არ იზიარებს. 4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მან პირველად თქვა, რომ შესაძლოა რუსი სამშვიდოებების ყარაბაღში ყოფნა მშვიდობისთვის საკმარისი არ იყოს.

“თუ სამმხრივ რუსულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ფორმატში მთიან ყარაბაღში მდებარე დაშორიშორების ხაზის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული, უნდა ვიფიქროთ დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზე” -თქვა ფაშინიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა საერთაშორისო მექანიზმებს გულისხმობს.

მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა და რუსეთმაც. 5 აგვისტოს უნდა გაიმართოს შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის მოკავშირეს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. მართალია, მთავარი საკითხი უკრაინიდან ხორბლის გატანაა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრაზე ყარაბაღის საკითხსაც განიხილავენ.

***

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყოფნას აღარ აპირებს. მისი დამოუკიდებლობა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა (მხოლოდ დნესტრისპირეთმა, აფხაზეთმა და სახმრეთ ოსეთმა). დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1992-1994 წლების ომი მოჰყვა, რომელსაც დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ესმხერპლა. სახლებიდან გამოიქცა თითქმის 1 მილიონი ადამიანი.

სამშვიდობო მოლაპარაკებები ეუთომ ჯერ კიდევ 1992 წელს წელს დაიწყო. მხარეების გარდა, მათში მონაწილეობენ რუსეთი, საფრანგეთი და აშშ. მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG