Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის საზღვარზე სროლისას სომეხი წვევამდელი ჯარისკაცი დაიჭრა


6 აგვისტოს საღამოს სომეხი წვევამდელი დაიჭრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბრძოლო პოზიციაზე აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

თავის მხრივ ბაქომ უარყო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება სახელმწიფო საზღვარზე სროლის და სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაჭრის შესახებ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა.

ბოლო დღეებია მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაიძაბა. 3 აგვისტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სიმაღლის დასაკავებლად „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტულ-დივერსიული ოპერაციის“ შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, რასაც მოჰყვა საპასუხო შეტევა და კონტროლის დამყარება რამდენიმე სიმაღლეზე ყარაბაღის ქედის გასწვრივ.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, 2 სამხედრო დაიღუპა და 19 დაიჭრა.

მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შემდეგ მეორე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარს გაგრძელდა. 2020 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა, რეგიონში კი რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG