Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოვალთ და ყველას დაგხოცავთ," - რუსი დეპუტატი სატელევიზიო ეთერიდან გერმანელ ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრა


რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჟურავლიოვი გერმანელ ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრა
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჟურავლიოვი გერმანელ ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრა

5 აგვისტოს საღამოს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ალექსეი ჟურავლიოვი გერმანელ ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრა პროპაგანდისტული პროგრამის "60 წუთის" პირდაპირ ეთერში, რომელიც სახელმწიფო ტელეარხ "როსია 1"-ის ეთერით გადაიცემოდა. ჟურავლიოვის მუქარის შემცველი ჩანაწერი პროგრამის ვებგვერდზეა განთავსებული.

დეპუტატის განცხადება მოჰყვა ერთ-ერთი გერმანული ტელეარხის სიუჟეტს იმის შესახებ, თუ რა სახის სახის მხარდაჭერას უწევს გერმანია კიევს. გერმანელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ჯერ გადაცემა "60 წუთის" წამყვანმა ასევე დუმის დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა, უწოდა "გებელსის შთამომავლები" და "სტუდიური ვირთხები" და აღნიშნა, რომ ისინი პროპაგანდას ეწევიან და "ომის გაჩაღებას" ცდილობენ "მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით."


საპასუხოდ, ჟურავლიოვმა ასევე "ნაციკი" უწოდა გერმანელ ჟურნალისტს და მას მოკვლით დაემუქრა. უფრო მეტიც, რუსმა დეპუტატმა პირდაპირ ეთერში პირობა დადო, რომ პირადად წავიდოდა და მოკლავდა ჟურნალისტს.

"მინდა ვუთხრა ამ ნაცებს: ჩვენ ყველანი მოვალთ და ყველას დაგხოცავთ", - განაცხადა ალექსეი ჟურავლიოვმა.

რუსეთის ფსევდოპოზიციურმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის წევრიც არის ჟურავლიოვი, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტისთვის მუქარა დეპუტატის "პირადი აზრია" და ის არ ემთხვევა პარტიის ხელმძღვანელობის პოზიციას.

XS
SM
MD
LG