Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ რუსეთის წარმომადგენელი აირჩიეს


არკადი დვორკოვიჩი FIDE-ს პრეზიდენტად პირველი არჩევის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვში. 12 ოქტომბერი, 2018 წელი
არკადი დვორკოვიჩი FIDE-ს პრეზიდენტად პირველი არჩევის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვში. 12 ოქტომბერი, 2018 წელი

რუსეთის წარმომადგენელი არკადი დვორკოვიჩი, უკრაინისა და სხვა ქვეყნების კრიტიკის მიუხედავად, კვლავ აირჩიეს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, FIDE-ს პრეზიდენტად.

როგორც საარჩევნო კომისიამ განაცხადა, ინდოეთში, ჩენაიში შეკრებილ კონგრესზე დვორკოვიჩმა 179-დან 157 ხმა მოიპოვა.

მის უშუალო მეტოქეს, უკრაინელ დიდოსტატს, ანდრიი ბარიშპოლეცს 16-მა მონაწილემ დაუჭირა მხარი.

ბარიშპოლეცმა კენჭისყრის წინ თქვა, რომ მისი მეტოქე რუსეთის მთავრობასთანაა დაკავშირებული და არის „რუსეთის სამხედრო მანქანის განვითარებისთვის პასუხისმგებელი.“ დვორკოვიჩმა უარყო ბრალდება და ილაპარაკა უკრაინაში ტრაგიკულ მოვლენებზე.

მარტში აშშ-ის საინფორმაციო გამოცემა „Mother Jones-“თან ინტერვიუში, დვორკოვიჩმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა ომი და თანაგრძნობა გამოუცხადა უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას.

კრემლმა ეს ქმედება გააკრიტიკა. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციაში, დვორკოვიჩთან ერთად, არიან კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი და ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 2012-დან 2018 წლამდე დვორკოვიჩი რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო. ის ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას 2018 წლიდან უდგას სათავეში.

XS
SM
MD
LG