Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ქუჩებში ნაგვის მანქანებიდან გამონადენი სითხის პრობლემებზე საკრებულოშიც ისაუბრეს


 ვარკეთილი: გზა, რომელიც ნაგვიდან გამონადენი სითხით დაბინძურებულია
ვარკეთილი: გზა, რომელიც ნაგვიდან გამონადენი სითხით დაბინძურებულია

ნაგვის გადამზიდი მანქანებიდან გამონადენი სითხით დედაქალაქის ქუჩების დაბინძურების პრობლემებზე თბილისის საკრებულოში დღეს, 9 აგვისტოს ისაუბრეს. ეს პრობლემა არაერთ ქუჩაზე ყოველდღიურად იჩენს თავს - ურნები ტროტუარებთან და ავტობუსის მოსაცდელებთან ახლოს დგას, ნაგვის წასაღებად მისული მანქანები კი, რომლებიც დაზიანებულია, კონტეინერების დაცლის დროს, გზის სავალ ნაწილს აბინძურებენ. ამ მიზეზით ზაფხულის ცხელ დღეებში დგება უსიამოვნო სუნიც.

პრობლემების შესახებ ინფორმირებული არიან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარები. ამის შესახებ მოსახლეობა მათ "ფეისბუკის" დახურული ჯგუფებითაც ატყობინებს. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გლდანის რაიონის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ თქვა, რომ პრობლემა მასაც აწუხებს.

"მეც ძალიან მაწუხებს ეს საკითხი და დაგეთანხმებით, რომ ეს პრობლემები ნამდვილად არსებობს. მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან მოხდება ახალი ტექნიკის პრეზენტაცია ამ პრობლემას გადაწყვეტს. ეს პრობლემა გამოიწვია რამ: იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობა სამშენებლო ნაგავს ყრის ურნებში, რომელიც არის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის, ეს თავსდება ტექნიკაში და ფუჭდება. როდესაც ზაფხულის დღეებია, უფრო მეტ ხილს იყენებს მოსახლეობა - საზამთროს, ნესვის წვენი. იქედან გამომდინარე, რომ ტექნიკა დაზიანებულია, ხდება ქუჩაში მიედინება. მე იმედი მაქვს, რომ ახალი ტექნიკით ეს პრობლემა მოგვარდება", - თქვა კონსტანტინე ზარნაძემ.

"თბილსერვის" ჯგუფში, რომელსაც დედაქალაქის ქუჩების დასუფთავება და ნაგვის გადაყრა ევალება, ამბობენ, რომ სხვადასხვა დანიშნულების ახალი ტექნიკა კომპანიას უკვე შეძენილი აქვს, რაც უახლოეს დღეებში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს პრობლემებს მოუგვარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG