Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წითელი ჯვარი" ცხინვალში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძებნას ანონიმური წერილებით შეეცდება


"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი" ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ცხედრების საპოვნელად საფოსტო ყუთებს განათავსებს, რომლებშიც დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს შეეძლებათ ანონიმური წერილების ჩაყრა.

როგორც სააგენტო "რესს" უთხრეს "წითელი ჯვრის" პრესსამსახურში, პროექტი დაკარგულთა ოჯახის წევრების ინიციატივით ხორციელდება და მასში ჩართული არიან დე ფაქტო რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი და დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში.

საფოსტო ყუთების განთავსება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აგვისტოდან დაიწყება და 30 აგვისტომდე სულ 15 ყუთი დამონტაჟდება. საფოსტო ყუთებთან გამოეკვრება საინფორმაციო ბანერებიც, რომელზეც მოცემული იქნება ინფორმაცია იმ ადგილებში სავარაუდოდ დაკარგული პირების შესახებ. ამოქმედდება ნდობის ტელეფონიც.

„იმ სოფლებში, სადაც ადამიანები სავარაუდოდ გაუჩინარდნენ 1990-იან და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლოა, იყოს ზოგიერთი მოვლენის თვითმხილველი ან ჰქონდეთ რაიმე ინფორმაცია, რომელიც "წითელ ჯვარს" დაკარგულთა მოძიებაში დაეხმარება“, - ამბობს "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ცხინვალის ოფისის წარმომადგენელი ნიკიტა ლოგაჩოვი.

საფოსტო ყუთის შიგთავსი ყოველი თვის მე-20 დღეს შემოწმდება, ხოლო ნდობის ხაზისთვის ორი სატელეფონო ნომერი იმუშავებს.

ინიციატივის ფარგლებში შეგროვებული ყველა ინფორმაცია გაანალიზდება და მათი სისტემატიზება მოხდება 1990-2008 წლების შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გარკვევის საკოორდინაციო მექანიზმის ცხინვალელ მონაწილეებთან ერთად. ინფორმაციის შეგროვების პროცესი წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა და არცერთი მონაცემი არ იქნება გამოყენებული პასუხისმგებელი პირების დასადგენად ან მათზე სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. ერთადერთი მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის პასუხის გაცემა მათი ნათესავების ბედზე და ადგილსამყოფელზე.

90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, "წითელი ჯვრის" მონაცემებით, 2000 მდე პირი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი მოძიების პროგრამა 2010 წლიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა 400-მდე ნეშტის მოძიება, აქედან 150 პირი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება კვლავ გრძელდება.

სტატისტიკა ასახავს 2016 წლის მდგომარეობას
სტატისტიკა ასახავს 2016 წლის მდგომარეობას

დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის გარკვევა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და მისი წარმატება დიდწილად დამოკიდებულია გაუჩინარების გარემოებებისა და დაკარგულის ადგილსამყოფლის შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობაზე. "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG