Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საცხოვრებელი კვარტალი ვაგონშემკეთებელი ქარხნის გვერდით - რისი ნებართვა გასცა საკრებულომ


ახალი კვარტლის რენდერი განვითარების გეგმიდან
ახალი კვარტლის რენდერი განვითარების გეგმიდან

თბილისის საკრებულომ ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მიწის 10 ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა გასცა. პროცესი ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე წარიმართა - საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობენ, რომ ამ პროექტის უკან მმართველი პარტიის დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახი და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი კომპანიის დირექტორი, ირაკლი რუხაძე დგანან.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმაზე ორმა კომპანიამ, „ურბან კონსალტინგმა” და „ჩაპმან ტეილორმა” იმუშავეს. მათი დამკვეთები შპს „ვილსონ გარდენი”, შპს “US Trading Company” და სს „ფროფგრუპია“ - სწორედ ეს კომპანიები ფლობენ მიწის ნაკვეთებს საპროექტო ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სწორედ „ვილსონ გარდენია“ ის კომპანია, რომელთანაც არიან დაკავშირებული ნინო წილოსანიც და ირაკლი რუხაძეც.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული გეგმით:

  • ახლად აშენებული შენობების 75% საცხოვრებელი იქნება, 25% კომერციული.
  • ახალი შენობებიდან ყველაზე მაღალსართულიანი ნაგებობა 33- სართულიანი და 117 მეტრის სიმაღლის იქნება.
  • საშუალოსართულიანობა ახალ კვარტალში აშენებულ შენობებს 15-20 სართული ექნება.
  • საპროექტო სივრცეში არსებული შენობების ჩათვლით ახალი კვარტალი სულ 51 შენობას გააერთიანებს.
  • ჯამური საცხოვრებელი ფართობი 445 904 კვ.მ იქნება.
  • 217 288 კვადრატულ მეტრ საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცისთვის 21 000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი.
  • დაგეგმილია 3 653 მანქანისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის მოწყობა.
  • ცენტრალური გზები იქნება 7-მეტრიანი და გზის ორივე მხარეს მოეწყობა 2.5-მეტრიანი ტროტუარები. გათვალისწინებულია ველობილიკებიც.

პროექტის არსებული გეგმით განხორციელების შემთხვევაში განაშენიანების არეალში 100-ზე მეტი ხე მოიჭრება, ასობით ხე და მცენარე კი გადარგვას დაექვემდებარება.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პროექტს თბილისის გენერალურ გეგმასთან შეუთავსებლად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამ მასშტაბის ახალი მშენებლობა დიდუბეში სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს და ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება.

"ასეთი მავნებლური განაშენიანების რეგულირების გეგმა არც ამ მოწვევის და არც ამის წინა და არც იმის წინა საკრებულოს არ დაუმტკიცებია. ქალაქის შუაგულში აპირებენ ჩადგან 15- და 20-სართულიანი კორპუსები, ასევე 33-სართულიანი კორპუსები, რაც სანზონაში, ნაძალადევში, დიდუბესა და ჩუღურეთში შექმნის სატრანსპორტო კოლაფსს. ეს იქნება პროექტი, რომელიც საშვილიშვილოდ შექმნის პრობლემებს. აქ მაცხოვრებელ ადამიანებს საათობით მოუწევთ საცობებში დგომა", - თქვა დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ.

მმართველი გუნდის წევრები კი თვლიან, რომ პროექტი გენერალურ გეგმასთან წინააღმდეგობაში არ მოდის და არც იმას გამორიცხავენ, რომ მუშაობის პროცესში პირველადი გეგმა შეიცვალოს. დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გამორიცხა პროექტის მხარდაჭერა იმის გამო, რომ მის უკან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები დგანან და თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება გადაწყვეტილებებს კონკრეტული გვარების გამო არ იღებს.

"გენერალური გეგმა პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს ტერიტორია არის განვითარებადი ამ ფუნქციით. საბოლოოდ რა პროექტი იქნება დამუშავებული და პროექტი ამ გადაწყვეტილებით, ამას უკვე გვაჩვენებს ის დეტალური პროექტი, რომელიც მომავალში იქნება წარმოდგენილი", - უთხრა დღეს მედიას საკრებულოს თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG