Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნიმ თავისი კოლონიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა


ფოტოარქივი: ალექსეი ნავალნი. 17 მაისი, 2022 წელი
ფოტოარქივი: ალექსეი ნავალნი. 17 მაისი, 2022 წელი

პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ სარჩელი შეიტანა ვლადიმირის რეგიონში მკაცრი რეჟიმის მე-6 სასჯელაღსრულების კოლონიის წინააღმდეგ (მელეხოვო), სადაც იგი ივნისის შუა რიცხვებში გადაიყვანეს. ამის შესახებ რეგიონის სასამართლოების ერთობლივი პრესსამსახური იუწყება.

პოლიტიკოსის სასარჩელო განცხადება სასამართლომ 10 აგვისტოს მიიღო. ეს უკავშირდება კოლონიის ხელმძღვანელობის უარს, რომ ადვოკატისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ პროდუქციის დამკვეთზე, რომელსაც კოლონიაში აწარმოებენ.

"ეს ინფორმაცია მას არ მიეწოდა იმის გამო, რომ დამკვეთმა უარი თქვა გავრცელებულიყო ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მათი პროდუქციის წარმოების შესახებ", - აცხადებენ პრესსამსახურში.

ნავალნი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამიტომ უარი დაუსაბუთებელია.

ივლისის შუა რიცხვებში პოლიტიკოსმა კოლონიაში მუშაობა შემდეგნაირად აღწერა: "ჩვენ ვკერავთ სულელურ ტომსიკებს და, სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მათ მაშინვე ყრიან. უბრალოდ მათ ეს ყველაფერი გამოიგონეს იმ უცნაური მიწისქვეშა ინდუსტრიული ზონის დასატვირთად, რომელსაც "ციხე ციხეში" ეწოდება", - აღნიშნა ნავალნიმ.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან, რომელშიც პირველ ვადას იხდიან პატიმრები, გადაიყვანეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ვლადიმირის ოლქის ქალაქ მელეხოვოში. ამის შესახებ ნავალნიმ 15 ივნისს განაცხადა სოციალურ ქსელებში.

2021 წელს ნავალნის პირობითი პატიმრობა რეალურით შეუცვალეს „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით და ვლადიმირის ოლქში, პოკროვის მე-2 კოლონიაში გაგზავნეს. მარტში მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ მას 9 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა, თაღლითობისა და სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო. პოლიტიკოსის მომხრეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით იდევნება.

მელეხოვოს მე-6 კოლონიის პატიმრები წამების შესახებ ჩიოდნენ ხოლმე. შარშან მარტში „მედიაზონამ“ გამოაქვეყნა ნაწყვეტები ყოფილი პატიმრის, ივან ფომინის წერილებიდან, რომლებშიც ის აღწერს ცემის, წამებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებს. ნავალნიმ ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეიტყო, რომ მელეხოვოში გადაყვანას უპირებდნენ. როგორც მაშინ აცხადებდა, პატიმრებმა მას შეატყობინეს, რომ ამ კოლონიაში ოპოზიციონერისთვის ამზადებენ „ციხეს ციხეში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG