სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე, ნაპრალში გადავარდნილი ტურისტი დაიღუპა. ის მაშველებმა ვერტმფრენით მესტიაში ჩაასვენეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
"მაშველებმა ძებნა გადარჩენის ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან გარდაცვლილი მთასვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში ჩამოასვენეს", - აცხადებენ უწყებაში.
უფრო ადრე, რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მწვერვალზე ჩარჩენილი ორი ტურისტის გადარჩენა შეძლეს. უწყება დაშავებულ მთამსვლელებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ექვსკაციანი ჯგუფიდან სამი ტურისტი გადაადგილებას დამოუკიდებლად განაგრძობდა, ერთ-ერთი კი გადავარდნილი იყო ნაპრალში.
მწვერვალ თეთნულდზე უცხოელი ექვსი ტურისტის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია სამაშველო სამსახურმა 22 საათის წინ - გუშინ, 12 აგვისტოს გაავრცელა. უწყება აცხადებდა, რომ გართულებული მეტეოპირობების გამო სამაშველო ოპერაციაში ვერ ერთვებოდა ვერტმფრენი, მაშველთა ჯგუფი კი მათკენ ფეხით მიემართებოდა.
უცხოელ ტურისტთა ჯგუფის დასახმარებლად სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენის ჩართვა დღეს დილიდან გახდა შესაძლებელი.
დაწერეთ კომენტარი