Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოხატავს პატივისცემას 30 წლის წინ აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედროებისა და მოქალაქეების წინაშე. პარლამენტის თავმჯდომარე აფხაზეთში ომის დაწყების თარიღს "ფეისბუკზე" ეხმიანება.

"ჩვენს ქვეყანას მრავალი ქარტეხილი გამოუვლია - ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ დღეს უკავშირდება. ომი, რომელმაც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ კერას მოწყვიტა. ომი, რომელსაც ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ისტორიას ვერავინ შეცვლის!" - წერს პაპუაშვილი.

დღეს 30 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ, გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.

აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.

დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG