Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინანდლის მუზეუმში იმედოვნებენ, რომ ტურისტის მიერ დაზიანებული ექსპონატი აღდგენას ექვემდებარება


ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა 13 აგვისტოს მუზეუმის ერთ-ერთ სივრცეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მუზეუმში იმედოვნებენ, რომ დაზიანებული მარაო აღდგენას ექვემდებარება.

„სამწუხაროდ, ერთ-ერთი დამთვალიერებელი, კერძოდ კი, მშობლებთან ერთად მუზეუმის დასათვალიერებლად მოსული ბავშვი, უხერხულად მიეყრდნო ალექსანდრე ჭავჭავაძის ოთახის დამცავ ბარიერს, წონასწორობა დაკარგა და დაეჯახა ოთახში მდგარ ვიტრინას, რის შედეგადაც დაზიანდა ანა ბაგრატიონის ნაქონი მარაო. პირველადი დათვალიერების შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მარაოს დაზიანებული მალები აღდგენას ექვემდებარება. მუზეუმში მუდმივად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, შესაბამისად, ინციდენტი დაფიქსირებულია მუზეუმის ვიდეოკამერების საშუალებით. ინციდენტის შემდეგ მუზეუმმა მიმართა კანონით გათვალისწინებულ პროცედურას. პროცედურით გათვალისწინებული ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ნივთი გადაეგზავნება რესტავრატორს და სულ მალე ანა ბაგრატიონის მარაო დაუბრუნდება საგამოფენო სივრცეს”, - ვკითხულობთ მუზეუმის განცხადებაში.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 15 აგვისტოს ჟურნალისტმა ანა მარშანიამ გაავრცელა, თავისი დის მონათხრობის საფუძველზე.

მაკა მარშანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 13-14 აგვისტოს სოფელ წინანდალში მდებარე სასტუმროში დასვენებისას, ორჯერ დაათვალიერა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი, რა დროსაც ცვლილება შენიშნა.

13 აგვისტოს მან, სხვა ნივთებთან ერთად, ნახა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოქროს (ჯიბის) საათი, მარაო და პერანგის საკინძეები. მომდევნო დღეს, 14 აგვისტოს, სახლ-მუზეუმში ხელახლა მისულმა შენიშნა, რომ ის ადგილი, სადაც საათი, მარაო და საკინძეები იდო, ცარიელი იყო, ვიტრინის ნაცვლად კი მაგიდა იდგა, რომელსაც მხოლოდ გადასაფარებელი ეფარა.

სახლში, რომელიც მე-18 საუკუნეში მოღვაწე პოეტსა და რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა, სახლ-მუზეუმია განთავსებული. წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი აერთიანებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, ბაღს და მე-19 საუკუნის უნიკალურ ღვინის მარანს. 2007 წლიდან, წინანდლის კომპლექსს მართავს კომპანია „სილკ როუდ ჯგუფი“. მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG