Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილ-დოროყაშვილის პროცესი - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 აგვისტოს


ნელი დოროყაშვილი დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარის კითხვებს უპასუხებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ისევ დოროყაშვილის მოსმენით გაგრძელდება. ბასილაშვილის ყოფილი ცოლი დღეს უკვე ჩოგბურთელის დაცვის მხარის კითხვებს უპასუხებს.

გუშინ ნელი დოროყაშვილმა მეუღლის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ისაუბრა და ვიდეომასალაც წარადგინა. დაზარალებულის მონაყოლის მიხედვით, მასზე ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ქორწინებიდან 5-6 თვის შემდეგ დაიწყო და ეს არ შეწყვეტილა არც მაშინ, როცა ფეხმძიმედ იყო.

„...დაიწყო ჩემი დამცირება, მოხსენიება დამაკნინებელ ასპექტში, ამას მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა... ყოფილა შემთხვევა, როცა კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ და თვალებდახუჭულზე ცივი წყალი ჩაუსხამს ყურში. ესეთი ქმედებები იყო სხვადასხვა სახის: თმებით თრევა, საჭმელების თავზე დაყრა... გარკვეულ წარმატებას რომ მიაღწია, გამომიცხადა, მე ვარ მეფე და მე უნდა მოვქცეულიყავი მისი ქვეშევრდომივით“, - ამბობს დაზარალებული.

წაიკითხე და ნახე მეტი.

რა წერია სასამართლოზე აშშ-ის საელჩოს დოკუმენტში, რომელიც “სიმართლის მთქმელმა” დეპუტატებმა ზეწოლად აღიქვეს

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 9-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს თემაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს, სამოქალაქო საზოგადოებას, სასამართლოს და მართლმსაჯულების თემით დაინტერესებულ ყველა აქტორს სთავაზობს ხედვას გასატარებელი ცვლილებების შესახებ და რეკომენდაციებს სისტემის გასაუმჯობესებლად. დოკუმენტი, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს, ამერიკის საელჩოს მხრიდან ზეწოლად და სასამართლოს სისტემაში ჩარევის მცდელობად აღიქვეს “ქართული ოცნებიდან” “სიმართლის სათქმელად” წასულმა დეპუტატებმა.

“პარლამენტმა უნდა განიხილოს სამუშაო ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობა და ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართოს სასამართლო ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტები, სამართლის ექსპერტები და საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჯგუფის წევრებს გაუზიაროს საკუთარი ხედვა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და წარმოადგინოს რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები”, - ნათქვამია დოკუმენტის ზოგადი რეკომენდაციების ნაწილში.

წაიკითხე სრულად.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს პარტიების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, მიიჩნევს რა, რომ რუსეთის მოქალაქეების ჭარბად და უკონტროლოდ შემოდინება საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

"განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად", - ასეთია განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციების პოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სავიზო რეჟიმი და ასევე გადახედოს, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსეთის მოქალაქეების სამართლებრივ სტატუსს.

წაიკითხე მეტი.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დამრიგებელი - სოფი სკოლის ექსკურსიაზე დაიღუპა

გუშინ გურჯაანის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე, რომელიც 2019 წელს კლასის ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაიცვალა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო კლასის დამრიგებელი და გაამართლა მისი სპორტის მასწავლებელი.

სასამართლომ სოფის დამრიგებელს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა და აღკვეთის ზომად პირობითი სასჯელი განსაზღვრა. ორივე მასწავლებელი, რომლებსაც გამოძიება გულგრილობით მოზარდის სიცოცხლის მოსპობას ედავებოდა, კვლავ აგრძელებს სკოლაში მუშაობას. სპორტის მასწავლებელი ამ დრომდე "ალბიონში" მუშაობს.

წაიკითხე მეტი.

აგვისტოს მეორე კვირაში კორონავირუსი 12 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

აგვისტოს მეორე კვირაში, 8-დან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 12 338 ადამიანს. ამავე პერიოდში ამ ვირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი.

კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია. პირველი აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, 12 729 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ჩატარებულია 74 398 ტესტი.

წაიკითხე მეტი.

„პუტინის მზარეულის“ სისხლიანი მენიუ

15 აგვისტოს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ევგენი პრიგოჟინის ფოტო, რომელზეც კამუფლაჟში ჩაცმული ბიზნესმენი დგას ნანგრევების ფონზე. უკრაინელი სამხედროები ვარაუდობდნენ, რომ „პუტინის მზარეულად“ წოდებული ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” სავარაუდო მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა წინა დღით, ლუგანსკში, ქალაქ პოპასნიაში მდებარე „ვაგნერის“ შტაბზე მიტანილი საარტილერიო იერიშის დროს.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, პრიგოჟინის დაღუპვა დიდ ზიანს მიაყენებდა უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას როგორც მორალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისითაც, რადგან, არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ პრიგოჟინი და მასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უზრუნველყოფენ დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის, მძიმე დანაშაულის გამო გასამართლებული პატიმრების ორგანიზებულ მობილიზაციას უკრაინის ფრონტზე.

როგორი იყო პრიგოჟინის გზა რესტორნიდან "ვაგნერამდე" და მისი როლი უკრაინის ომში? გაიგე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიიდან.

მუხათგვერდის სასაფლაოსთან არმისული, ხელმარჯვნივ, ასი ათასი მოწამის ქუჩაზე, ორსართულიანი სასტუმრო დგას. ამ სასტუმროში 81 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. მათგან 27 ბავშვია. სასტუმროში ცხოვრობენ ისეთებიც, რომლებსაც სამედიცინო დახმარება, რეაბილიტაცია სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG