Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებები, კვამლი და პანიკა „ჩაუძირავ ავიამზიდზე“


აფეთქებები ყირიმში (ფოტოკოლაჟი)
აფეთქებები ყირიმში (ფოტოკოლაჟი)

აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული ოკუპირებულ ყირიმში, რომელსაც რუსეთის პროპაგანდა მის გარშემო არსებული მძლავრი თავდაცვითი სისტემის გამო „ჩაუძირავ ავიამზიდს“ უწოდებდა, აფეთქება-აფეთქებაზე ხდება.

9 აგვისტოს დასავლეთ ყირიმის ქალაქ ნოვოფიოდოროვკაში, „საკის“ სამხედრო-საავიაციო ბაზაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე რვა რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია ნახევარკუნძულის მოსახლეობასა და დამსვენებლებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქდა აეროდრომის ტერიტორიაზე შენახული ამუნიცია, და რომ არ ყოფილა გარედან თავდასხმა.

მაგრამ ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებისთვის უსიამოვნებათა სერია ამით არ დასრულებულა. 16 აგვისტოს აფეთქება ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მდებარე სამხედრო დანიშნულების საწყობში მოხდა. რამდენიმე საათის ინტერვალით კი, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო ავიაბაზის თავზე შავი კვამლი შენიშნეს ადგილობრივებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი „გარედან თავდასხმაზე“ მიუთითებს, გარკვეული მოსაზრებების გამო, რუსეთს არ სურს აღიაროს ამ აფეთქებებთან უკრაინის არმიის კავშირი, ხოლო უკრაინის ხელისუფლება არ ჩქარობს საკუთარი სამხედრო წარმატების აქტივში ყირიმში მომხდარი აფეთქებების შეტანას.

„ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ნორმალური ქვეყნის ყირიმი ასოცირდება შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი ასოცირდება საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან. დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, 16 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის მახლობლად, საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარ აფეთქებებს.

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები და მოქმედი სამხედროები კი ოკუპირებულ ყირიმში განხორციელებულ შეტევებს უწოდებენ „ახალი ეტაპის“ დადგომას რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელიც ამაღლებს უკრაინის მოსახლეობისა და დამცველების მორალურ მდგომარეობას და, პირიქით, პანიკას თესავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე, რომელთა დეოკუპაცია კიევის უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანაა.

„ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებთან ერთად, რუსული ფეიკიც ნადგურდება“

9 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებები ალბათ კიდევ დიდხანს იქნება საერთაშორისო მედიისა და სამხედრო ოპერაციებით დაინტერესებული ექსპერტების ყურადღების ცენტრში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე ასაიდუმლოებს აფეთქების შედეგად დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შესახებ სხვადასხვა წყაროთი გავრცელებულ ინფორმაციას და მალავს ამ ინციდენტის გამომწვევ რეალურ მიზეზებს.

არადა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ანექსირებულ ყირიმში ნოვოფიოდოროვკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის ხელისუფლების დამოუკიდებელ წარმომადგენელზე დაყრდნობით მომხდარიდან მეორე დღესვე წერდა.

გამოცემა არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ ქვედანაყოფზეა საუბარი, თუმცა მანამდე დასავლური გამოცემები წერდნენ, რომ სპეციალურ დავალებათა უკრაინული ძალები რუსული არმიის ზურგის სიღრმეში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციების ორგანიზებით არიან დაკავებული.

კრემლისთვის ეს ვერსია, როგორც ჩანს, არადამაჯერებელია და აცხადებს, რომ აფეთქება დაუდევრობას მოჰყვა.

შესაძლოა, ეს აფეთქება მართლაც რუსი სამხედროების მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ხუმრობით აღნიშნავენ, - არასწორ ადგილას სიგარეტის მოწევას, გამოეწვიოს. მაგრამ ჩანს, რომ რუსეთს ურჩევნია თავი ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს, ვიდრე დადასტურდეს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ნახევარკუნძულის, ყველაზე დაცულ ობიექტზე მომხდარი „აფეთქება გარედან თავდასხმის“ შედეგია. მაშინ კრემლს ძალიან გაუჭირდება დააჯეროს თავისი ჯარისკაცები, რომ მათ უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო დიდი საფრთხე არ ელით, - ამბობს უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი, მიხაილო სამუსი.

„უკრაინის არმიის მიერ განხორციელებული დარტყმა ყირიმში დისლოცირებულ საოკუპაციო ძალებზე, ეს ნამდვილად არის რუსეთის წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპი. უკრაინის არმია ამით იმის მკაფიო დემონსტრირებას ახდენს, რომ მას არ ეშინია ყირიმზე იერიშების განხორციელებისა, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი მუქარისა, რომ ყირიმის ხიდზე მიტანილ იერიშებს რუსეთის მხრიდან ისეთი შურისგება მოჰყვებოდა, რომ უკრაინა ვეღარ შეძლებდა გონზე მოსვლას. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. ამ მომენტიდან ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ არ არსებობს არანაირი თავდაცვა უკრაინული შეიარაღებისგან, არა მხოლოდ ოკუპირებულ ყირიმში, არამედ სადმე რუსეთის ტერიტორიაზე. რადგან უკრაინის არმიას აქვს ძალა და უნარი, რომ სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ყველგან გაანადგუროს მტერი. ეს არის აბსოლუტურად ახალი რეალობა, არა მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, არამედ თავად რუსებისთვის, რადგან პუტინის მთელი საუბრები იმაზე, რომ ყველაფერი კონტროლდება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ყველაზე უკეთესია და რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა, - ყველაფერი ეს ფეიკია და ეს ფეიკები ნადგურდება უკრაინის არმიის მიერ ყირიმში“, - უთხრა რადიო „თავისუფლებას“ მიხაილო სამუსმა, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა.

აფეთქებები ყირიმში და უკრაინის ხელისუფლების „უცნაური“ პიარი

ცნობილია, რომ ყირიმის ქალაქ ნოვოფიოდოროვკაში, „საკის“ სამხედრო-საავიაციო ბაზაზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ პირებს მოუწოდა, შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საუბარი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ სამხედრო ტაქტიკაზე, ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„მსგავსი ხასიათის გაჟონვა არღვევს უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებს, ვინაიდან მოწინააღმდეგე ახდენს საკუთარი მოქმედებების კორექტირებას და ამ ინფორმაციას ჩვენ საწინააღმდეგოდ იყენებს“, - წერს თავის ფეისბუკპოსტში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი, რომლის თქმითაც, უშიშროების სამსახური იძიებს იმ მოხელის ვინაობას, რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ყირიმში მომხდარი აფეთქების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მაგრამ საინტერესოა ისაა, თუ რატომ აცხადებს უკრაინა, რომ არ აქვს კავშირი ყირიმში აფეთქებებთან. თუ აფეთქების უკან უკრაინა დგას, წესით, ეს იქნებოდა კიევის მიერ განხორციელებული პირველი იერიში ყირიმის ტერიტორიაზე 2014 წელს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ, ეს ასევე დაამტკიცებდა, რომ უკრაინას აქვს დარტყმების შორ მანძილზე განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა.

უკრაინის ხელისუფლების ამგვარ ქმედებასა თუ „უცნაურ პიარში“ თავის ლოგიკას ხედავს უკრაინელი პოლიტოლოგი, ევჰენ მაგდა.

„უკრაინის ხელისუფლების მოქმედების ლოგიკის გასაგებად, დასაწყისისთვის აუცილებელია გავიხსენოთ, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, რაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთმა „ჩაუძირავ ავიამზიდად“ გამოაცხადა, გამუდმებით გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ ნავსაყუდელში და აქედან ფეხს არ მოიცვლიან, სულაც ციდან რომ ქვები აცვიოდეთ თავზე. და როდესაც ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ხდება აფეთქებები სამ სხვადასხვა ობიექტზე და სხვადასხვა წერტილში, ეს ქმნის პირობას იმისთვის, რომ შემდგომში საინფორმაციო თვალსაზრისით ზეგავლენა მოახდინო ყირიმის მოსახლეობაზე. ამიტომ ყირიმის სამხედრო აეროდრომზე წინა კვირაში განხორციელებული წარმატებული დარტყმის შემდეგ, აღარ არსებობს იმის დაკონკრეტების აუცილებლობა, თუ რა საშუალებით მიაყენა უკრაინამ ზარალი რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. საკმარისია, რომ ეს მოხდა და საკმარისია, რომ უკრაინამ შემდგომში მომხდარზე ნახევრად მინიშნებებით ილაპარაკოს. ხოლო ამ ნახევრად მინიშნებების წყალობით ყირიმში საგანგაშოდ იქნება აღქმული ის კვამლიც კი, რომელიც ტაფაზე დანახშირებული ბლინისგან წარმოიქმნება, რაც პრინციპში უკრაინის ინტერესებისთვის მუშაობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

მაგრამ ოკუპირებულ ყირიმში მაინცდამაინც სწორედ სამხედრო ობიექტების ტერიტორიასა და მათ თავზე კვამლი აშკარად დენთიდან წარმოქმნილს ჰგავს და არა ჯარისკაცების მიერ უადგილო ადგილზე გადაგდებული სიგარეტის ნამწვისგან. ამიტომ რუსეთიც იძულებული იყო ეღიარებინა, რომ 16 აგვისტოს ყირიმის ჯანკოის რაიონში მდებარე სამხედრო დანიშნულების საწყობში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგი იყო.

ხოლო გაზეთი „კომერსანტი“ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამხედრო და სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, იმავე 16 აგვისტოს, სამხედრო ავიაბაზაზე მცირე ზომის დრონებით განხორციელებული თავდასხმის ვერსიას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმას ქვეყნის დეოკუპაციისკენ გადადგმული მთლიანი სამხედრო გეგმის ნაწილად მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი.

„როგორც ჩვენ ვხედავთ, უკრაინის არმია მოწინააღმდეგეს აყენებს ძალიან ძლიერ დარტყმებს, ნადგურდება მათი ავიაბაზები, სარკინიგზო კვანძები და იარაღის საწყობები, რის შედეგადაც რუსეთს პრინციპში აღარ შესწევს ძალა ეფექტიანად უზრუნველყოს თავისი დაჯგუფება ხერსონის პლაცდარმზე. ხოლო უკრაინის არმიას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს შეტევა ხერსონზე. ამას გარდა, უკრაინის არმია ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მზად არის განახორციელოს დარტყმები ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ყველა სამხედრო ობიექტზე“, - უთხრა სამუსმა რადიო თავისუფლებას.

ყირიმში მომხდარ აფეთქებებს დიდი გამოხმაურება აქვს როგორც ფრონტის ხაზზე, უშუალოდ რუს სამხედროებთან პირისპირ მყოფ უკრაინის დამცველებში, ისე ფრონტის ხაზის მახლობლად დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობაში.

„პირველ რიგში ფსიქოლოგიურად კარგი შედეგი აქვს მოსახლეობისთვის. ბევრთან მაქვს, ჩვეულებრივ ხალხთან კონტაქტი და ეს ძალიან კარგად მოქმედებს. რაც შეეხება სამხედროებს, მორალურად, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩვენ მორალურად ისედაც კარგად ვგრძნობთ თავს, რადგან აგერ უკვე მთელი თვეა, თუ მეტი არა, რაც მიმდინარეობს აქტიური იერიშები მოწინააღმდეგის პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებაზე, მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე „წმინდა“ HIMARS-ები გამოჩნდნენ და ზურგს გვიმაგრებენ. ამის შედეგად, რუსეთის არმიის არტილერიის ინტენსივობამ იკლო. აშკარაა, რომ შენელებულია მტრის ჭურვების ყოველდღიური მიწოდება და არტილერიის ცეცხლის ინტენსიურობაც უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ომის წარმოება გაადვილდა და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სასიკეთო ცვლილება აშკარად შეეტყო ბრძოლის ველს განსაკუთრებით აქ, აღმოსავლეთში“, - ამბობს ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ირაკლი ქურასბედიანი, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის უკრაინის დასაცავად.

ნოვოფიოდოროვკაში რუსეთის არმიის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებთან კავშირი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ არ დაადასტურა და რუს სამხედროებს მოუწოდა, „გაურკვეველ ადგილებში არ მოწიონ“. თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის ოფიციალური პირები აქტიურად გამოეხმაურნენ აფეთქებებს და განაცხადეს, რომ „რუსეთის დემილიტარიზაცია ახლა იწყება“. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

2014 წელს რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსია მოახდინა.

2022 წლის 24 თებერვლიდან კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს მასშტაბურ ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე და ასევე სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG