Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო სამინისტრომ გაეროს წინადადებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ "მიუღებელი" უწოდა


ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან საგუშაგოზე მყოფი რუსეთის სამხედრო. 3 აგვისტო, 2022 წელი
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან საგუშაგოზე მყოფი რუსეთის სამხედრო. 3 აგვისტო, 2022 წელი

სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს უარყო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის წინადადება სამხრეთ უკრაინაში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.

პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ივან ნეჩაევმა, განაცხადა, რომ ეს წინადადებები "მიუღებელია".

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთმა მარტში დაიკავა, მალევე მას შემდეგ, რაც ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი შეიჭრა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" განსახორციელებლად. ობიექტი ფრონტის ხაზთან ახლოს რჩება და უკანასკნელი კვირების განმავლობაში არაერთხელ მოხვდა ცეცხლის ქვეშ, რაც ბირთვული კატასტროფის საშიშროებას იწვევს.

18 აგვისტოს უკრაინაში, ლვოვში, იმართება შეხვედრა, რომელზეც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს მოელაპარაკება.

როგორც გუტერეშის პრესმდივანი იტყობინება, ლვოვში მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ ვითარებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, ასევე რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრის შესაძლებლობებს.

კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, რომელიც უდიდესია ევროპაში. სადგური რუსეთის ჯარებს უკავიათ მას შემდეგ, რაც ისინი თებერვლის ბოლოს შეიჭრნენ უკრაინაში.

აეს-ში უკრაინული ტექნიკური პერსონალი განაგრძობს მუშაობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG