Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს და სერბეთის ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს


კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს შორის შეხვედრა. ბრიუსელი. 18 აგვისტო, 2022 წელი
კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს შორის შეხვედრა. ბრიუსელი. 18 აგვისტო, 2022 წელი

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ კრიზისულ შეხვედრაზე,

მხარეები შეთანხმდნენ მომდევნო დღეებში შემდგომ მოლაპარაკებაზე, რათა მოგვარდეს დაძაბულობა მათ ქვეყნებს შორის, განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჯოზეპ ბორელმა.

კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს ბრიუსელში შეხვედრის დაწყების წინ მან მოქნილობისკენ მოუწოდა.

ევროპის კავშირის შუამავლები იმედოვნებდნენ, რომ ეს მოლაპარაკება დაძაბულობას განმუხტავდა ბალკანეთში და შეამცირებდა ორივე მხარისგან მომდინარე მზარდ საომარ რიტორიკას.

"ბოლოდროინდელმა დაძაბულობამ კოსოვოს ჩრდილოეთში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დროა წინ წავიწიოთ, სრული ნორმალიზაციისკენ", - დაწერა ჟოზეპ ბორელმა ტვიტერზე 18 აგვისტოს.

წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ბორელმა თქვა, რომ 1 სექტემბრამდე ჯერ კიდევ დროა და რომ ის ჯერ არ აპირებს დანებებას.

წინსვლის მიღწევის იმედით, ბორელმა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის, მოუწოდა "ყოფილიყვნენ ღია და მოქნილი, რათა გამოენახათ საერთო ენა".

კოსოვო სერბეთის ყოფილი ოლქია, რომელმაც ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს დამოუკიდებლობა, რაც ბელგრადმა არ აღიარა. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი, თუმცა ცნო აშშ-მა და ევროპის კავშირის ქვეყნების უმრავლესობამ.

ორივე მხარე 2011 წლიდან ჩართულია დიალოგში, რომელსაც ევროპის კავშირი ხელმძღვანელობს და რომლის მიზანია, მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ.

თუმცა, დაძაბულობამ კვლავ იჩინა თავი გასული თვის ბოლოს, როცა პრიშტინამ განაცხადა, რომ სერბეთის პირადობის დამადასტურებელი საბუთები და მანქანის სანომრე ნიშნები აღარ იქნება მოქმედი კოსოვოს ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა კოსოვოში მცხოვრები სერბების განრისხებული რეაქცია. კურტიმ ამ ზომების გატარება ერთი თვით, 1 სექტემბრისთვის გადადო დასავლეთის აშკარა ზეწოლის შემდეგ. ბორელთან შეხვედრამდე, ვუჩიჩმა და კურტიმ 17 აგვისტოს ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, ბოლოდროინდელი დაძაბულობის განსახილველად. სტოლტენბერგმა ორივეს განუცხადა, რომ ალიანსის სამშვიდობო ძალები მზად არიან ჩაერთონ იმ შემთხვევაში, თუ დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდება.

XS
SM
MD
LG