Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური გოგაშვილზე: არაერთხელ დამიცვია... თურმე მტკიცებულებებს აგროვებდა


არქივის ფოტო: ვახტანგ გომელაური და სოსო გოგაშვილი
არქივის ფოტო: ვახტანგ გომელაური და სოსო გოგაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროს მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებზე მედიასთან პირველად ისაუბრა. მან ყველა ბრალდებას აბსურდი უწოდა, თუმცა ბევრი ილაპარაკა იმაზე, რა გააკეთა მისთვის.

"სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. 2013 წელი იყო რომ გავიცანი და წამოვიყვანე. ის იყო რიგით თანამდებობაზე, მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ვთხოვე და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, ისე დავახლოვდით და ახლა ის აცხადებს, სამწუხაროდ, თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე კომპრომატებს, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს.

2018 წელს მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. რატომ მოხდა, თვითონ კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია გუნდისგან. ახლა არ ვიტყვი. ორჯერ გითხარით, რომ არ ვიტყვი [ეუბნება ჟურნალისტს]...

ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ. მე არავის არაფერს ვაყვედრი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა, გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის, კარგად იყოს, ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. სადამდეც მიიყვანა მისმა ქმედებებმა, კი ვხედავთ", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას უპასუხებდა სოსო გოგაშვილის ბრალდებას მისი ოჯახის მიმართ მუქარაზე.

"ეს აბსურდია, ტყუილია. არანაირი კავშირი არ შემდგარა, ეს მინდა ვთქვა, მე მიცნობს, მით უმეტეს, მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ, ჩემგან არასდროს არ წასულა ისეთი რაღაც, რომ ოჯახის ამოწყვეტის. ეს ვერ მოხდებოდა", - თქვა მინისტრმა.

გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.

XS
SM
MD
LG