Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი აცხადებს, რომ აპირებს პუტინთან საუბარში განიხილოს ზაპოროჟიეს აეს-ის საკითხი


არქივის ფოტო: რეჯეპ ტაიპ ერდოანი
არქივის ფოტო: რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან აპირებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვას.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ თურქეთში დაბრუნებულმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 19 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში "მსოფლიოსათვის საფრთხე" უწოდა ევროპის უდიდეს ზაპოროჟიეს აეს-ში შექმნილ სიტუაციას.

"ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ ბატონ პუტინთან და სპეციალურად ვთხოვთ მას, რათა რუსეთმა მსოფლიოში მშვიდობისთვის თავისი წვლილი შეიტანოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმით. რუსეთმა ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგას. უკრაინას ზაპოროჟიეში ჰყავს როგორც საკუთარი ტექნიკური პერსონალი, ისე საკუთარი შეიარაღებული ძალები. და თავიანთი ტექნიკური პერსონალითა და ჯარისკაცებით მათ შეუძლიათ იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - აღნიშნა ერდოანმა.

მანამდე უკრაინის ქალაქ ლვოვში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ "არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება."

კიევი ამტკიცებს, რომ რუსეთის ჯარები ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ. საფრთხეთა შორისაა ობიექტზე სახიფათო იარაღის შენახვა და არეალში სროლა.

14 აგვისტოს 42-მა ქვეყანამ დაგმო უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა და განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკრაინის ხელისუფლებას ხელს უშლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

რუსეთი არ უარყოფს, რომ ჯარები ჰყავს განლაგებული ელექტროსადგურში, მაგრამ აცხადებს, რომ ცეცხლი არ დაუშენია ობიექტისთვის. პირიქით, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს არეალში საარტილერიო ცეცხლის გახსნაში, რასაც კიევი უარყოფს.

XS
SM
MD
LG