Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინელი სამხედროების „გასამართლება“ მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. 18 აგვისტო, 2022 წელი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. 18 აგვისტო, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში კომენტარი გააკეთა ცნობებზე იმის შესახებ, თითქოს რუსეთის საგამოძიებო ორგანოები მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასამართლო პროცესს ამზადებენ. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა მანამდე განაცხადა, რომ „მიმდინარეობს ტრიბუნალისთვის მზადება" და „ერთ-ერთი პირველი ტრიბუნალი მარიუპოლში შედგება“.

„ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად გასაგები იქნება. თუ ეს საძაგელი სასამართლო პროცესი შედგება, თუ ჩვენს ხალხს ყველა შეთანხმების, საერთაშორისო წესის დარღვევით ამ დეკორაციებში შეიყვანენ... ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი თავს მოიწყვეტს მოლაპარაკებებისგან, საუბარი აღარ იქნება, ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა", - განაცხადა ზელენსკიმ.

„უკრაინა იმ ადამიანების დამცირებას ვერ მოითმენს, რომლებზეც მხოლოდ ერთ რამის თქმა შეიძლება: ისინი თავიანთი სამშობლოს გმირები არიან და ისინი დამპყრობლებისგან თავიანთი ხალხის თავისუფლებას იცავდნენ“, - დასძინა ზელენსკიმ.

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასამართლო პროცესი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს შედგეს.

რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თანახმად, "[უკრაინის] წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო“.

24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დასაწყებად, რომელიც არ განხორციელებულა. სამშვიდობო მოლაპარაკებათა მაგიდაზე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, შემდეგი მოთხოვნები იდო - ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

XS
SM
MD
LG