Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ემუქრებათ "აზოვსტალის" მებრძოლებს? - რუსეთი სიკვდილით დასჯისთვის ამზადებს ნიადაგს


 "აზოვსტალიდან" გამოსულ უკრაინელ მებრძოლებს რუსეთის მხარე ამოწმებს. 2002 წლის 17 მაისი.
"აზოვსტალიდან" გამოსულ უკრაინელ მებრძოლებს რუსეთის მხარე ამოწმებს. 2002 წლის 17 მაისი.

უკრაინის ხელისუფლება იმედს არ კარგავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს „აზოვსტალიდან“ გამოსული მებრძოლების დაბრუნებას. „წითელი ჯვარი“ რუსეთის ხელში ჩავარდნილ „აზოველებს“ სამხედრო ტყვეებს უწოდებს. მოსკოვი უკრაინელი მებრძოლების ტერორისტებად გამოცხადებას აპირებს და სიკვდილით დასჯაზე იწყებს ლაპარაკს.

კრემლისტური მედია ავრცელებს ცნობებს, რომ სიკვდილით დასჯას მოითხოვს იმ სოფლის მოსახლეობაც, სადაც მარიუპოლის მცველი მებრძოლები რუსმა სამხედროებმა ბოლო დღეებში ჩაიყვანეს.

მთლიანი სურათის დეტალები ანალიტიკოსებს შეშფოთების საფუძველს აძლევს: რუსეთი აპირებს, რომ 26 მაისს „აზოველები" ტერორისტებად გამოაცხადოს; ხოლო ტერორისტების სიკვდილით დასჯის გეგმაზე რუსეთში უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ.

  • რა პროცესები მიმდინარეობს რუსეთში „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგ?
  • რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა და რა ელით მომავალში?

„მგონია, რომ ისინი ავადმყოფი ადამიანები არიან, რომლებიც ცოცხლობენ არა ოჯახებისთვის და არა სიმყუდროვისა და კეთილდღეობის შესაქმნელად. ეს ხალხი - დაქირავებულები არიან და ფულს შოულობენ ამ საქმით. არ ესმით, რას აკეთებენ და აშკარად რაღაცის ზემოქმედების ქვეშ მოქმედებენ. ასეთი დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც ხოცავდნენ ბავშვებსაც, ციხე არ არის საუკეთესო ადგილი. მათთვის საუკეთესო ვარიანტი სიკვდილით დასჯაა“, - ეუბნება URA.RU-ს ინკოგნიტო რესპონდენტი - საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, სოფელ ოლენივკის (რუსულში - ელენოვკა) მკვიდრი, ორი შვილის დედა, რომელიც ამბობს, რომ მთელი სოფელი მის აზრზეა.

ოლენივკა რუსეთის მიერ დაარსებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. სწორედ იქ ჩაიყვანეს 16 მაისის შემდეგ „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი მებრძოლების ერთი ნაწილი და Reuters-ის ცნობით, ისინი საპატიმროში მოათავსეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუს სამხედროებს „ტყვედ ჩაბარდა“ „აზოვსტალში“ მყოფი 771 „ბოევიკი“.
ამავე წყაროს ცნობით, 16 მაისის შემდეგ კომბინატის შენობიდან გამოსული სამხედროების საერთო რიცხვი 1730-ს შეადგენს და მათ შორის - 80 დაჭრილია.
16 მაისს, როდესაც „აზოვსტალიდან“ სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დაჭრილი სამხედროები გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში; ხოლო სხვა სამხედროები - სოფელ ოლენივკაში და ისინი ტყვეთა გაცვლის მექანიზმებით დაბრუნდებიან უკრაინაში.

მაგრამ სიკვდილით დასჯის მოთხოვნა უკრაინის სეპარატისტული სოფლის ფარგლებს აშკარად სცილდება და ამაზე რუსეთის დუმაშიც ლაპარაკობენ.

რას გეგმავს რუსეთის ხელისუფლება?

სასჯელის უმაღლეს ზომას, რომელიც რუსეთში 1996 წლებიდან აღარ გამოიყენება, ითხოვს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი. ის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეც არის და უკრაინასთან მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრიც.

სლუცკი ამბობს, რომ, „თუკი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მათი შემაძრწუნებელი დანაშაულები დადასტურდება“, ისინი [პოლკ „აზოვის“ მებრძოლები - რთ] სიკვდილით უნდა დაისაჯონ, „რათა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ უკრაინელ ნაციონალისტებს მხოლოდ სასჯელის უმაღლესი ფორმა შეეფერებათ“. როგორც რუსეთის მედია იტყობინება, ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქცია გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს რეფერენდუმი სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.

დუმასა და კრემლში რუს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ჯერჯერობით, ამ საკითხის მიმართ მწყობრი პოზიცია არ არსებობს.

უკრაინაში რუსეთის პირველი აგრესიის დროს, 2014 წელს, დაარსებულ მოხალისეთა პოლკ „აზოვს“ რუსეთში დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების მისამართით ჩადენილ ყველანაირ არაადამიანურ სისასტიკეს მიაწერდნენ, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებებით არ დადასტურდა ბევრი გახმაურებული ფაქტი და, მაგალითად, ღობეზე გაკრული ადამიანების ცოცხლად დაწვისა და ვითომდა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ჩამოხრჩობის ისტორიები.

მეთვალყურეები აღნიშნავენ, რომ „აზოველების“ მიმართ მოსახლეობაში მკვეთრად უარყოფითი რეაქციების ჩამოსაყალიბებლად, 8 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ კრემლის მომხრე მედია, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები.
„აზოვი“ უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შემავალი ოფიციალური სამხედრო სტრუქტურაა და სპეციალური დანიშნულების ამ დანაყოფს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს.
გარკვეულ ეპიზოდებში გამოთქმული რადიკალური განცხადებების გამო, "აზოვის" მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება დასავლეთშიც შეინიშნებოდა.
"აზოვის" დამფუძნებელთა შორის ქართველი მებრძოლებიც არიან. ერთ-ერთი მათგანი, ბახვა ჩიქობავა მარტში დაიღუპა.
ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის გარკვევა - არიან თუ არა ქართველი სამხედროები „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ სამხედროებს შორის.

ნიადაგის მომზადება „ტერორისტების“ დასასჯელად

17 მაისს, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ "აზოვსტალიდან" გამოყვანილი ყველა მებრძოლი ტყვეთა გაცვლის მექანიზმს არ დაექვემდებარება და "ნაცისტები" აუცილებლად უნდა გასამართლდნენ.

როგორც იტყობინებიან, შესაბამის დოკუმენტებს უკვე ამზადებენ და დუმაში უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ კიდეც.

ბოლო ორ დღეში გაჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებითაც, რომ „აზოველებს“ არა რუსეთში, არამედ მის მიერ შექმნილი ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში (ДНР, ЛНР) გაასამართლებენ.

ამის შესახებ თავის ტელეგრამარხზე წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო კანონმდებლობის საკითხებში, ანდრეი კლიშასი.

ДНР-ისა და ЛНР-ის ე.წ. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის აკრძალვას და, როგორც “NEWS.RU”-ს ეუბნება რუსი იურისტი, დმიტრი რომანენკო, ამ ე.წ. სახელმწიფოებში სამხედრო დამნაშავეების სიკვდილით დასჯა პრობლემა არ იქნება და „ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს კოლექტიური დასავლეთის რეაქციას“.

რომანენკო შესაძლებლად თვლის, რომ სიკვდილით მხოლოდ რამდენიმე მათგანი დაისაჯოს, ხოლო დანარჩენებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ პუტინმა „აზოველების“ ტერორისტებად გამოცხადებით, სწორედ მათი სიკვდილით დასჯა განიზრახა.

26 მაისს, რუსეთის უზენაეს სასამართლოში დანიშნულია „ადმინისტრაციული საქმის განხილვა [პოლკ - რთ] "აზოვის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ“.

პარალელურად, ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ უკვე მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ 27 აპრილს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც ტერორისტული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების ჩამდენ პირებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა - ემუქრებათ. ცვლილებები ძალაში 2022 წლის 29 მაისს შევა.

ბელარუსსა თუ რუსეთში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს.

როგორც გერმანელი სამხედრო ექსპერტი, ნატოს ყოფილი გენერალი, ეგონ რამსი ეუბნება გერმანულ ტელეარხ ZDF-ს, ტყვეებთან მოპყრობა ჟენევის 1949 წლის კონვენციის მიხედვით რეგულირდება და უკრაინელი მებრძოლების სიკვდილით დასჯა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იქნება.

„როცა მესმის, რომ დუმის დეპუტატები ლაპარაკობენ უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯაზე, როგორც ჩანს, რუსეთის წარმომადგენლები ან არასწორად ინტერპრეტირებენ სამართლებრივ რეალობას, ანდა ისევ აგრძელებენ სამხედრო დანაშაულების ჩადენას“, - ამბობს გერმანელი ექსპერტი. მის სიტყვებს „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რუსეთში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლება „შიდა მოხმარების პროპაგანდისტულ ეფექტზე გათვლილ პოლიტიკურ განცხადებებად“ აღიქვამს და ამ რთული პროცესის მთავარ ამოცანად კვლავ მებრძოლების უკრაინაში დაბრუნებას ასახელებს.

„გრძელდება მოლაპარაკებები, რადგან თვითონ გადარჩენის ოპერაციას აქვს რამდენიმე რთული ეტაპი. ეს პროცესი ძალიან მგრძნობიარეა. ნებისმიერმა ინფორმაციამ, რომელსაც საჯაროდ ვაცხადებთ, შესაძლოა დააზარალოს თვითონ პროცესიც და ჩვენი დამცველებიც“, - განაცხადა 19 მაისს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.

„პრეზიდენტის ნება და მორჩა“

სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ლაპარაკი რუსეთში ჯერ კიდევ 25 თებერვალს დაიწყო, უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს, როცა ევროსაბჭომ რუსეთი თავისი რიგებიდან გარიცხა.

ძალიანაც კარგიო, - თქვა მაშინ დმიტრი მედვედევმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექსპრეზიდენტმა და ექსპრემიერმა. მისი სიტყვებით, ევროსაბჭოს მიერ დაწესებული აკრძალვების მოხსნა კარგი შესაძლებლობაა რუსეთისთვის, „აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისა ქვეყანაში მძიმე დანაშაულების აღსაკვეთად. ვთქვათ, სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისათვის“.

რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის გამოცხადებული და, როგორც რუსეთის მედიაში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების შეცვლა ხელისუფლების არცერთ ორგანოს არ შეუძლია.

თუმცა ბოლომდე არც ასეთ განმარტებებს ეთანხმებოდნენ რუსეთის დუმაში და, მაგალითად, რუსეთის დუმის სახელმწიფოს მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იური სინელშიკოვი ამბობს, რომ სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბარიერები არ არსებობს,

„რუსეთში არ არის გამოცხადებული მორატორიუმი. ის დასრულდა 10-ზე მეტი წლის წინ, როცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიქმნა რუსეთის ბოლო სუბიექტში. სასამართლოებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ასეთი განაჩენები გამოიტანონ“, - უთხრა „ინტერფაქსს“, 25 თებერვალს, იური სინელშიკოვმა.

მისი განმარტებით, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და, კერძოდ, „პრეზიდენტის ნება და მორჩა“.

კომიტეტში განმარტავდნენ, რომ რუსეთს აკლია მხოლოდ:

  • სპეციალური საკნები;
  • შემსრულებლები (ჯალათები).

„სიკვდილით დასჯა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, მაგალითად, სერიული პედოფილებისა და მკვლელების, ასევე ტერორისტების დასასჯელად“, - ამბობს სინელშიკოვი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG