Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის მრჩეველი და ქეთა თოფურიას ქმარი ლევ დენგოვი საქართველოში იმყოფება


ლევ დენგოვი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში
ლევ დენგოვი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში

საქართველოში იმყოფება ლევ დენგოვი, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მრჩეველი და მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლე. თბილისში მისი ყოფნის დამადასტურებელი ფოტო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც მარიამ გეგუჩაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ფოტო გუშინწინ, 19 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გადაიღო, სადაც დენგოვი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, დენგოვს დარღვეული აქვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, ვინაიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი.

ბიზნესმენი ლევ დენგოვი (პაველ გუზბანდი) რუსეთის მიერ შექმნილ ლიბიის საკითხების დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ფედერაციის დავალებით, ის ლიბიიდან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხს კურირებდა.

ივლისში ambebi.ge წერდა, რომ ქეთა თოფურია შვილთან და ქმართან ერთად საქართველოში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დენგოვი ცოლის სამშობლოს სტუმრობს.

მომღერალმა ქეთა თოფურიამ ლევ დენგოვზე ქორწინების შესახებ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა. მათ 2021 წლის 21 იანვარს ვაჟიშვილი შეეძინათ.

რადიო თავისუფლება ელოდება დამატებით ინფორმაციას შსს-სგან, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა დარღვეული დენგოვს საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

XS
SM
MD
LG