დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა, ყოველგვარი აუცილებელი სამხედრო ტექნიკა მიაწოდონ მას. ამის შესახებ მან 23 აგვისტოს განაცხადა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე.
ჯონსონი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის სხვა ნაწილებზე თავდასხმასაც გეგმავს, რათა „მას იგივე გაუკეთოს, რაც უკვე გაუკეთა ყირიმს“.
„ის ამზადებს ანექსიას, ამზადებს უფრო მეტ ყალბ რეფერენდუმს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ და არ უნდა დავუშვათ, რომ იარაღის ძალით იცვლებოდეს საზღვრები. შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის ტერიტორიის რომელიმე სხვა ნაწილის ანექსიას. პუტინის თავდასხმის საფრთხის წინაშე ჩვენ მომავალშიც უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს სრული სამხედრო დახმარება, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, დიპლომატიური მხარდაჭერა - ყველაფერი, რაც კი მათ ესაჭიროებათ, სანამ რუსეთი შეწყვეტს საშინელ ომს და თავის ძალებს გაიყვანს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან“, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
23 აგვისტოს დაიწყო „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი, რომელიც წელს ონლაინ რეჟიმში ტარდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მონაწილე კიევში ჩავიდა ფორუმში მონაწილეობისთვის.
„ყირიმის პლატფორმა“ არის უკრაინის მიერ ინიციირებული საერთაშორისო საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატი, რომლის მიზანია ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაზრდა, უსაფრთხოებისთვის გაზრდილ მუქარებზე პასუხი, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, ადამიანის უფლებების შემდგომი დარღვევების თავიდან აცილება და რუსეთის რეჟიმის მსხვერპლთა დაცვა, ასევე მთავარი მიზნის მიღწევა - ყირიმის დეოკუპაცია და მისი დაბრუნება უკრაინისთვის.
დაწერეთ კომენტარი