Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ყირიმის პლატფორმა“ - დასავლური სამყაროს პროექტი, რომელიც შედგა


„ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი. 23 აგვისტო
„ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი. 23 აგვისტო

„ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის განუყოფელი ნაწილი“, - პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ 23 აგვისტოს კიევში წარმოთქმული ეს სიტყვები „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტის ერთგვარ დევიზად იქცა და ამ სიტყვებს იმეორებდა სამიტში ონლაინ  მონაწილე დასავლეთის სამყაროს თითქმის ყველა წარმომადგენელი.

მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქართველი ხალხის სახელით მიმართა სამიტის მონაწილეებსა და სტუმრებს.

„მე ამაყი ვარ, შემოვუერთდე "ყირიმის პლატფორმას" საქართველოს სახელით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ, ყირიმი უკრაინაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რუსეთის აგრესიის დაგმობასთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების „დიდი შვიდეულის“ თუ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები, ევროკავშირისა თუ ნატოს ხელმძღვანელები ერთიმეორის მიყოლებით ჰპირდებოდნენ უკრაინის პრეზიდენტსა და ხალხს „ურყევ მხარდაჭერას“ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, რომელიც 8 წლის წინ კრემლის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო და 2022 წლის 24 თებერვლის ინტერვენციით გაგრძელდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც პირველად იღებდა მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში, ხაზი გაუსვა რუსეთთან ბრძოლაში მყოფი უკრაინისთვის ალიანსის მხრიდან აღმოჩენილ უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც შემდგომშიც, უკრაინის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.

უკრაინის გამარჯვებასა და ყირიმის დაბრუნებაში ურყევად დარწმუნებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, „ყირიმის პლატფორმის“ არქიტექტორი, რომელიც 23 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე დარჩენილ და იქიდან დევნილ ადამიანებს კიდევ ერთხელ დაჰპირდა:

„მინდა, რომ იცოდეთ: ჩვენ დავბრუნდებით“, - განაცხადა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტის შესავალ სიტყვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინა ყირიმთან ერთად უნდა გავათავისუფლოთ“

თუ 2021 წლის „ყირიმის პლატფორმის“ პირველი სამიტის მთავარი მესიჯი ფართო საერთაშორისო დახმარების აკუმულირებით, რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის დიპლომატიური, მშვიდობიანი გზით განთავისუფლებაში მდგომარეობდა, ერთი წლის თავზე, თავად რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი ანექსიის შედეგად კიევის პოლიტიკური ალგორითმი შეიცვალა და ცხადი გახდა, რომ დიპლომატია აღარ შეიძლება ჩაითვალოს ყირიმის დეოკუპაციის ერთადერთ გზად, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

„24 თებერვლიდან დაწყებული უკრაინის წინაშე დადგა უფრო სერიოზული გამოწვევა და ის, ცხადია, იძულებულია რეაგირება მოახდინოს მისთვის სასიკვდილო საფრთხეზე. მაგრამ ამ ვითარებიდანაც ერთი სერიოზული დასკვნის გაკეთება შეიძლება: ვფიქრობ, რომ „ყირიმის პლატფორმის“ ახალი სამიტი უკრაინამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ გააგებინოს მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა კიევს უბიძგეს, შეეცვალა კურსი და გადასულიყო ტერიტორიული მთლიანობის შეიარაღებული ბრძოლით აღდგენის გზაზე. ამის შესახებ უნდა იყოს საუბარი მთელ მსოფლიოში და ამ გზაზე უკრაინამ უნდა მოიპოვოს დასავლელი მოკავშირეების გაგება და მხარდაჭერა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

„ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტის ონლაინმონაწილეები
„ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტის ონლაინმონაწილეები

როგორც „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტმა აჩვენა, ყირიმის სამხედრო გზით დეოკუპაციის საჭიროებაზე, პირდაპირ თუ მინიშნებით, ნატოსა და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ლაპარაკობს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე ღიად ისაუბრა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა იყო, რომელიც ომის მიუხედავად კიევში ჩავიდა და ადგილზე იღებდა მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი უკვე ვეღარ გააგრძელებს რუსეთთან იმგვარ ურთიერთობას, როგორც 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებობდა, ვიდრე რუსეთი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას და იპყრობს მის ტერიტორიებს.

„ჩვენ ვერ დავუბრუნდებით იმ ხაზს, რომელიც 23 თებერვლამდე არსებობდა. უნდა გავათავისუფლოთ უკრაინის ყველა ტერიტორია ყირიმის ჩათვლით“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მაგრამ ვიდრე უკრაინა შეძლებდეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო პოტენციალის მქონე რუსეთის მიერ უკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას, მას ძლიერი შეიარაღებით უწყვეტი დახმარება ესაჭიროება, რათა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, შეძლოს კარს მომდგარი მძიმე ზამთრის გადალახვა.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„მოდის ზამთარი, რომელიც ძნელი იქნება. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის გამომფიტველი, მტანჯველი ომი. ესაა ნებისყოფისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების ბრძოლა. ჩვენ უკრაინას გრძელვადიან პერიოდში უნდა დავეხმაროთ, რათა მან ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, უკრაინას ყველა დონეზე „კოლექტიური დასავლეთისგან“ სულ უფრო მეტი მხადარჭერა აქვს. და ამ შემთხვევაში საუბარი არ არის მხოლოდ სამხედრო, ფინანსურ თუ ჰუმანიტარულ დახმარებაზე. 2022 წლის 17 ივნისს, რუსეთის ინტერვენციიდან ოთხი თვის თავზე, ევროკავშირმა ერთხმად მიანიჭა უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე რუსეთს სურდა, რომ უკრაინა ამ თარიღს განადგურებული შეხვედროდა. მაგრამ რუსეთმა ამ მიზანს ვერ მიაღწია. თავის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს უკრაინა ხვდება, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

„უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს ხერსონში, ყირიმში, ენერგოდარსა და ყველა ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში“

სიმბოლურია, რომ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტის დასრულების მეორე დღეს, 24 აგვისტოს უკრაინა თავის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფო დღესასწაული ემთხვევა რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებული დამანგრეველი ომის დაწყების მეექვსე თვეს. და ისევე, როგორც მთელი ნახევარი წლის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მოსკოვი შესაძლოა სერიოზული იერიშისთვის ემზადებოდეს უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავისთვის.

22 აგვისტოს მოსახლეობისადმი მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი სიფხიზლის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, მოსკოვმა შესაძლოა „რამე განსაკუთრებით საძაგელი“ სცადოს 24 აგვისტოს წინ, როცა უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

სხვათა შორის, ერთ-ერთი სტრატეგიული რაიონი, საიდანაც რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ ინტენსიურად ბომბავს კიევის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს, სწორედ ყირიმია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის ნახევარი წლის განმავლობაში ანექსირებული ყირიმიდან უკრაინის დასახლებულ პუნქტებს დაახლოებით 750 სხვადასხვა სახის ფრთოსანი რაკეტა ესროლეს.

„მათ გაანადგურეს სულ მცირე ასობით სამოქალაქო ობიექტი: სკოლები, უნივერსიტეტები, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები. ამიტომ უკრაინის კონტროლის აღდგენა ყირიმის ნახევარკუნძულზე ევროპაში დიდ ანტისაომარ ნაბიჯად იქცევა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ყირიმი დეოკუპაციის შემდეგ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრი გახდება.

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტს წელს 60 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის, 40 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, სამიტი ონლაინფორმატში იმართება, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი კიევში მაინც ჩავიდა.

ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი. 23 აგვისტო. კიევი
ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი. 23 აგვისტო. კიევი

ზელენსკიმ განაცხადა, რომ როდესაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, გამოსწორდება ყველაფერი, რაც „ნახევარკუნძულზე ოკუპანტებმა ჩაიდინეს“ და აღდგება სამართლიანობა, რისთვისაც მოწოდებულია „ყირიმის პლატფორმა“.

2014 წელს, კიევში პროდასავლური „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ქვეყნიდან გააძევეს კრემლის მეგობარი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, - რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსია მოახდინა.

2022 წლის 24 თებერვლიდან კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს მასშტაბურ ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე და, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG