რუსეთის არმია განაგრძობს მცდელობას, რათა შეტევითი ოპერაციითა და მძლავრი საარტილერიო იერიშებით წაიწიოს წინ დონეცკის ოლქში, სადაც მოწინააღმდეგის მთავარ ორიენტირად ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულება რჩება.
"სოლედარის, ბახმუტისა და კოდემის მიმართულებით მოწინააღმდეგე აწარმოებდა საბრძოლო იერიშებს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ავდეევკის მიმართულებით ისროდნენ ტანკებიდან, ხოლო ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტებით დაბომბვა დაფიქსირდა ნეველის, ვოდიანოის, ნოვობახმუტის, ნეტაილოვოსა და კრასნოგოროვკის მახლობლად", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 26 აგვისტოს განცხადებაში.
სლავიანსკის მიმართულებით რუსი სამხედროები განაგრძობენ ბრძოლას ადრე ოკუპირებული პლაცდარმების შესანარჩუნებლად და უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილების წინსვლის მოსაგერიებლად, აღნიშნავს გენერალური შტაბი, რომლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხარკოვის, კრამატორსკის, ნოვოპავლოვსკის, ზაპორიჟიესა და იუჟნობუჟსკის მიმართულებებით არსებული პოზიციები.
24 აგვისტოს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შეანელა შეტევა რესურსების ამოწურვის და რუსეთის ჯარების მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო.
ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ექვსი თვის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია.