Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა დაამტკიცა რუსეთის მიერ ბირთვული რეაქტორების მშენებლობა


ბირთვული ელექტროსადგური პაკსში, უნგრეთი

უნგრეთმა გასცა ნებართვა, რომელიც შესაძლებელს ხდის ორი ახალი ბირთვული რეაქტორის აშენებას რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, როსატომის მიერ.

ამ ნებართვით გზა ეხსნება სამხრეთის ქალაქ პაკსში განთავსებული, ოთხი რეაქტორისგან შემდგარი ბირთვული სადგურის გაფართოებას ექვს რეაქტორამდე. ვარაუდობენ, რომ პროექტის ხარჯი 12.4 მილიარდ დოლარამდე იქნება და ის სადგურის შესაძლებლობებს ორჯერ და მეტჯერ გაზრდის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 26 აგვისტოს ფეისბუკით დაწერა, რომ ახალი რეაქტორები 2030 წლიდან ამოქმედდება და უნგრეთს დაიცავს "ენერგიის ფასების რადიკალური ცვლილებებისგან".

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ახლო კავშირებს ინარჩუნებს ევროკავშირის წევრ უნგრეთსა და მოსკოვს შორის, მიუხედავად ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სადამსჯელო სანქციებისა.

ევროკავშირმა, სადაც ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასი სარეკორდოდ არის გაზრდილი, ახლახან შემოიღო გეგმა, რომელიც ბლოკის წევრ ქვეყნებს უბიძგებს რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებისკენ.

როსატომს არ შეხებია დასავლეთის სადამსჯელო სანქციები, მიუხედავად უკრაინელი აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებისა ბირთვული ენერგიის ეს გიგანტი კომპანიაც შავ სიაში მოხვდეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირის წევრმა, ფინეთმა, მაისში გააუქმა დაგეგმილი ბირთვული სადგურის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის ტექნოლოგიების გამოყენებას. მარტში ჩეხეთის ენერგიის კომპანიამ, CEZ-მა ახალი ბირთვული სადგურის მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება აეკრძალათ როსატომს და ჩინეთის კომპანიას, General Nuclear-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG