Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის SEPA, რომლის წევრობასაც საქართველო აპირებს  


საქართველოს მთავრობის განცხადებით, დაგეგმილია საქართველო SEPA- შეუერთდეს. ეროვნული ბანკის ავტორობითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც შემოდგომაზე პარლამენტს განსახილველად წარედგინება.

რა არის SEPA?

SEPA - Single Euro Payment Area არის ერთიანი ევრო გადახდის სისტემა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს.

რა უპირატესობა აქვს SEPA-ში შესვლას?

SEPA აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის. ტრანსსასაზღვრო გადახდები შეიძლება განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები. SEPA მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთი და იმავე პირობებით ელექტრონულად გადაიხადონ ევროში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან - თავიანთ ქვეყანაში თუ მის მიღმა. შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება SEPA-ს ქვეყნებთან გადარიცხვებისათვის საკორესპონდენტო ბანკის - შუამავლის გამოყენება. ეს მომგებიანია როგორც რიგითი ადამიანებისთვის, ასევე კომპანიებისა და ბიზნესებისთვის.

„გადარიცხვები განხორციელდება დროში ძალიან სწრაფად; მომხმარებელთა უფლებები იქნება უკეთ დაცული; როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის გამარტივდება გადახდების საკითხები,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ვინ შედის SEPA-ში?

SEPA-ს წევრები არიან: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) 3 ქვეყანა და ევროპის ეკონომიკური ზონის 6 არაწევრი ქვეყანა.

რა პროცედურებია საჭირო SEPA-ში გასაწევრიანებლად?

მას შემდეგ, რაც საკანომდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს, საქართველოს მთავრობა SEPA-ში ოფიციალურ განაცხადს წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ, ევროპის საგადახდო საბჭო იღებს.

მაინც რა საკანონმდებლო ცვლილებები ჭირდება მიღებას?

ცვლილებები შედის:

  • საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში
  • კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში
  • ეროვნული ბანკის შესახებ კანონში

ამ სამი პაკეტიდან პირველი ორი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაახლოებას გულისხმობს, მესამე - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების გაუმჯობესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG