"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე კომენტარისას ამბობს, რომ პრეზიდენტი მისი კომპეტენციისა და კონსტიტუციის ფარგლების შესაბამისად მოიქცა. ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი – კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოს და ყველა კონსტიტუციური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ და ეს ყველაფერი არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას.
არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და ასეც მოიქცა. ჩვენი ოპონენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას არქმევენ მძევლობას", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დავით ბაქრაძე გაეროში 30 აგვისტოს განკარგულებით დაინიშნა. ამის მიუხედავად, აღნიშნავენ, რომ ბაქრაძის მიერ აშშ-ში გაწეულ საქმიანობას ზურაბიშვილი კვლავ უარყოფითად აფასებს და გაეროში მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში არ წერია, რატომ მოაწერა ხელი სალომე ზურაბიშვილმა მის დანიშვნას, თუკი ელჩის საქმიანობა ისევ არ მოსწონს.
"მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
დღეს, 31 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაეროში მისიის წარმომადგენლად აშშ-ს ყოფილი ელჩი, დავით ბაქრაძე დაინიშნა. ის ამ პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.
ივლისში „პირველ არხთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ უკმაყოფილო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელი არ მოაწერა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბაქრაძის ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.
მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
დაწერეთ კომენტარი