Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკის საკრებულოს არჩევნები - რა არის სადავო?


1 ოქტომბრისთვის სენაკში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. დიდი ალბათობით, საკრებულოში ძალთა ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, სენაკში შუალედური არჩევნების ნაცვლად, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

ცესკოსთან წაგებული სასამართლო დავის შემდეგ, საია ახლა უკვე მთავრობას უჩივის იმის გამო, რომ კანონი დაარღვია და სენაკის საკრებულოს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, სენაკის საკრებულო ერთ-ერთი იყო 7 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ოპოზიციამ, ჯამურად, ხელისუფლებაზე მეტი მანდატი მოაგროვა და საკრებულოს თავმჯდომარედაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩია. თუმცა ეს მოცემულობა ახლა უკვე შეცვლილია.

რატომ უჩივის საია მთავრობას?

სენაკის საკრებულოში სხდომების ჩატარება თავიდანვე პრობლემური იყო, თუმცა ბოლო 6 თვეზე მეტია დეპუტატები სხდომაზე საერთოდ არ შეკრებილან. საიაში განმარტავენ, რომ ასეთ პირობებში, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობას სენაკის საკრებულოსთვის უფლებამოსილება უნდა შეეწყვიტა, მაგრამ ასეთი დადგენილება არ გამოსულა.

თუკი „საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად, მას „უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება“ და შესაბამის გადაწყვეტილებას „დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა“.

მთავრობის წინააღმდეგ საია სარჩელს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ, 1 სექტემბერს შეიტანს.

„სარჩელით ვითხოვთ მთავრობის დავალდებულებას, რომ გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. როგორც კი ეს დადგენილება გამოიცემა, მაშინვე ძალადაკარგულად ჩაითვლება ცესკოს განკარგულება - შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ და რიგგარეშე არჩევნები იქნება ჩასატარებელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საიას წარმომადგენელი, იურისტი ნიკა მაღედანი.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ კეთდება.

ვალდებულება თუ უფლებამოსილება?

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მთავრობის არა ვალდებულება, არამედ უფლებამოსილებაა.

„დისკრეცია ნიშნავს უფლებამოსილებას... ეს მისი [მთავრობის] დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებია და ეს არ არის ვალდებულება, რომ მაინცდამაინც ასე გააკეთოს... ნებისმიერი იურისტი მიხვდება, რომ ის მოცემულობა, რითაც ისინი [საია] სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის მცდარი“, - სამწუხაროა, როდესაც ერკვევიან, მაგრამ მაინც „ნაცმოძრაობის“ ნარატივს მიყვებიან“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნა სავალდებულოა, რადგან 142-ე მუხლში ვერ ვხვდებით სიტყვას „უფლებამოსილია“. ნიკა მაღედანი გვეუბნება, რომ თუკი კანონს „ოცნების“ მსგავსად წავიკითხავთ, „მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი მთავრობაზეა მინდობილი და თვითმმართველობას საერთოდ არ ჰქონია აზრი“.

რომელი პარტიები მონაწილეობენ არჩევნებში?

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა სამი პარტია: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“.

პარტიებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების დარეგისტრირების ბოლო ვადაა 1 სექტემბერი.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ გვითხრეს, რომ წინასწარი „ფორმალური რეგისტრაციის“ მიუხედავად, პარტია არ აპირებს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას და „შესაბამისად, მას რეგისტრაცია გაუუქმდება“.

არჩევნებში მონაწილეობას გვიდასტურებს „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“. პარტიის თავმჯდომარე - მამუკა ტუსკაძე სენაკში ჩასვლასა და არჩევნებში მონაწილეობას თავად აპირებს.

31 აგვისტოს ჯერ ისევ არ იყო ცნობილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა; თუმცა მას არჩევნებში გამარჯვების ყველანაირი შანსი ექნება.

გამარჯვების შემთხვევაში, სენაკის 33-მანდატიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციაზე ერთი დეპუტატით მეტი. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნება“ 16 მანდატს ფლობდა, ხოლო ოპოზიცია 17-ს; აქედან 13 - „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 4 - გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

როგორ გაჩნდა ვაკანსია სენაკის საკრებულოში?

სენაკის საკრებულოში ვაკანსია გაჩნდა მაისის შემდეგ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წურწუმიას მიზეზები არ აუხსნია და ყოფილ თანაგუნდელებს „დღემდე თავს არიდებს“.

ოპოზიცია წურწუმიას შემთხვევაში ზეწოლასა და მატერიალური სარგებლით გადაბირებაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს.

წურწუმიას წასვლის შემდეგ, საკრებულოში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა გათანაბრდა და 16-16 გახდა. ასევე, ოპოზიციამ დაკარგა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი.

„ქართულმა ოცნებამ“ 18 აგვისტოს სენაკის რაიონულ სასამართლოში დავა მოიგო, რის შედეგადაც გაბათილდა 23 თებერვლის ცნობილი გადაწყვეტილება, საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ირაკლი კაჭარავას არჩევის შესახებ.

„სენაკის მუნიციპალიტეტი კარგი მაგალითია, თუ როგორ მოქმედებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ამ პროცესში მათ ცესკოც გამოიყენეს და სასამართლოსაც მიაღებინეს უკანონო გადაწყვეტილებები... ამ ერთი მანდატით „ქართული ოცნება“ უმრავლესობას მიიღებს და თავმჯდომარესაც აირჩევს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, ბერდია სიჭინავა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 13 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნავს, რომ მან კანონის სრული დაცვით დანიშნა შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს და მის მიმართ უსაფუძვლო, დისკრედიტაციული კამპანიაა გაჩაღებული.

საიამ ცესკოს განკარგულების ბათილად ცნობა სასამართლო გზითაც მოითხოვა. დავა ორივე ინსტანციაში წააგო. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოში სარჩელი იმ მიზეზით არ დაკმაყოფილდა, რომ „საქართველოს მთავრობას არ აქვს მიღებული დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“.

შესაბამისად, საია ახლა უკვე მთავრობის წინააღმდეგ გააგრძელებს სასამართლო დავას. პარალელურად, განცხადებითაც მიმართა მთავრობას, რომ გამოსცეს აქტი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG