Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ბრალს სდებენ IAEA-ს მისიის ჩაშლის მცდელობაში

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. 2022 წლის 22 აგვისტო
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. 2022 წლის 22 აგვისტო

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტთა ვიზიტისთვის საფრთხის შექმნაში. სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა უნდა შეამოწმოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, რუსეთის არმია, ვალდებულების დარღვევით უტევს დერეფანს, რომლითაც სააგენტოს მისია ქალაქ ენერგოდარში, ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართება. კიევი მოითხოვს, რომ რუსეთმა პროვოკაცია შეწყვიტოს და უზრუნველყოს ექსპერტების უსაფრთხო გადაადგილება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელთა ვიზიტის ჩაშლის მცდელობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი მტკიცებით, დღეს დილიდან უკრაინელი სამხედროები არტილერიით უტევენ რაიონს, სადაც სააგენტოს ექსპერტები უნდა ჩავიდნენ და გარდა ამისა, კახოვკის წყალსაცავთან გადასხეს 60-წევრიანი დესანტი, რომლის ამოცანა იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დესანტი განადგურებულია, მათ შორის ავიაციის გამოყენებით.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ავიაციის გამოყენებით დაბომბეს ენერგოდარის საცხოვრებელი უბნები და ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე ტერიტორია, რათა „კრემლისთვის საჭირო სურათი შექმნან“ და უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულონ.

Reuters-ის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ გაზრდილი სამხედრო აქტივობის მიუხედავად, ენერგოდარისკენ მიმავალი ჯგუფი გაჩერებას არ აპირებს.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს, მათ შორის, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონს 2022 წლის მარტიდან აკონტროლებენ. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ქმედებებში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, 14 ექსპერტის შემადგენლობით, ვენიდან კიევში 30 აგვისტოს ჩავიდა, მეორე დღეს კი, ქალაქ ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსული, ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპერტებს არ მისცემდნენ სპეციალურ საშვებს ენერგოდარში შეუფერხებლად ჩასასვლელად და რიგში დგომა მოუწევდათ, რადგან თუ ეს არ სურდათ, ატომური ელექტროსადგურისკენ რუსეთის ტერიტორიიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ და არა კიევიდან.

XS
SM
MD
LG