ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) თავის წარმომადგენლებს დატოვებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აეს-ში ვიზიტის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.
გროსის სიტყვებით, დღეს ექსპერტებმა მისიის მუშაობის პირველ საათებში „მოახერხეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება“ და მან დაინახა „საკვანძო მნიშვნელობის რაღაცები, რის ნახვაც სურდა“. სააგენტოს ხელმძღვანელს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ დააზუსტა, რომ მისია ენერგოდარში დარჩება 3 სექტემბრამდე, შემდეგ კი განიხილავენ აეს-ში IAEA-ს მუდმივი მეთვალყურეების ყოფნის საკითხს.
გროსიმ ასევე აღნიშნა სადგურის პერსონალის თავდადებული მუშაობა. „მიუხედავად რთული ვითარებისა და გარემოებებისა, ისინი პროფესიონალურად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს,“ თქვა გროსიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ამის შემდეგ მან დატოვა აეს-ი.
როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ექსპერტებმა სადგურზე დაახლოებით ოთხი საათი დაყვეს. უკანასკნელი მონაცემებით, მისიის ცხრა მანქანიდან ოთხმა დატოვა აეს-ის ტერიტორია.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში IAEA-ს მისიის ვიზიტის დღეს რეგიონში ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალაქ ენერგოდარის მიმართულებით სროლის შესახებ. ქალაქის უკრაინელმა მერმა დმიტრო ორლოვმა იერიშებში რუსეთის არმია დაადანაშაულა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ 1 სექტემბერს დილით ქალაქს უკრაინულმა არტილერიამ გაუხსნა ცეცხლი.
რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს აეს-ი უკრაინაში შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში ჩაიგდეს ხელში. მას შემდეგ კიევი და მოსკოვი არაერთხელ ადანაშაულებდნენ ერთმანეთს აეს-ის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნაში. აგვისტოს დამდეგს IAEA-მ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს აეს-ში მასობრივად ირღვევა უსაფრთხოების წესები.
დაწერეთ კომენტარი