Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიას ზუროსი: „წინ კიდევ ოთხი თამაშია, არაფერს დავთმობთ“


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1 სექტემბერს, წაგებით გახსნა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1 სექტემბერს, წაგებით გახსნა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის განცხადებით, მისმა გუნდმა ბელგიასთან უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო, მაგრამ წინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კიდევ ოთხი თამაშია და საქართველომ პლეი ოფში გასასვლელად უნდა იბრძოლოს.

„შეცდომები დავუშვით. მეტოქემ კი ეს არ გვაპატია და დავისაჯეთ. ახლა ესპანეთისა და თურქეთის უძლიერესი ნაკრებების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. სულ კი ოთხი მატჩი დაგვრჩა ჯგუფში და თუ პლეი ოფში გასვლა გვინდა, ძლიერ მეტოქეებს უნდა ვაჯობოთ. არაფერს დავთმობთ“, - თქვა ბერძენმა სპეციალისტმა ბელგიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ილიას ზუროსმა გოგა ბითაძის ტრავმაზეც გააკეთა კომენტარი. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ბელგიასთან შეხვედრის მეოთხე პერიოდში ფეხის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

„სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია გოგა ბითაძის ტრავმაზე. იმედია, კარგად იქნება და მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება. ხანდახან წარმატებისთვის იღბალიც საჭიროა. ჩვენ კი ბოლო დროს სრული გუნდით თამაშს ვერაფრით ვახერხებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ზუროსმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1 სექტემბერს, წაგებით გახსნა. ევრობასკეტის ა ჯგუფის შეხვედრებს თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის პირველი სამი პერიოდი წააგო და დასკვნითი მეოთხედის წინ მეტოქეს შვიდი ქულით ჩამორჩა - 51:58. მეოთხე პერიოდში კი თამაშის შეტრიალება და დამატებით ტაიმში გადაყვანა შეძლო. ოვერტაიმში, მატჩის ბედი საფინალო სირენამდე სამიოდ წამით ადრე გადაწყდა, ბელგიელთა უკანახაზელის - ჯონათან ტაბუს ზუსტი სამქულიანით. დარჩენილ დროში დუდა სანაძემ სცადა მატჩის მეორე ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ ვერ ჩააგდო და ბელგიელებმა ანგარიშით 79:76 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი - 18 ქულით და 13 მოხსნით.

ა ჯგუფში, პირველი ტურის შეხვედრები ექვსივე ნაკრებმა ჩაატარა. ესპანეთმა ადვილად აჯობა ბულგარეთს - 114:87, თურქეთმა კი მონტენეგრო დაამარცხა ოთხქულიანი უპირატესობით - 72:68.

მეორე ტურის თამაშები 3 სექტემბერს შედგება და საქართველოს მეტოქე ესპანეთი იქნება.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალის საგზურს ოთხ-ოთხი საუკეთესო მოიპოვებს.

XS
SM
MD
LG